"საქართველოს ბანკმა" პირველი გამარჯვება "ნიკორას"-სთან იზეიმა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეცამეტე სათამაშო დღე A და B ჯგუფის მეშვიდე ტურის მატჩებით გაგრძელდა.
პირველი ქულები მოიპოვა A ჯგუფში „საქართველოს ბანკმა“. „BOG”-მა პირველი გამარჯვება „ნიკორა“-სთან დაძაბულ ბრძოლაში იზეიმა. „ბანკირები“ პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. ოცდამეოთხე წუთზე „ნიკორა“-მ ერთი ბურთი გაქვითა. მალევე „საქართველოს ბანკმა“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. დარჩენილ დროში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება „ნიკორა“-მ კიდევ ერთხელ შეძლო, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინა და 3-2 დამარცხდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
მიხეილ სიჭინავა, BOG: „რთული მატჩი იყო ჩვენთვის. ბევრი წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ვეცადეთ, გუნდურად გვეთამაშა, რაც მეტ-ნაკლებად გამოგვივიდა. ვულოცავ ჩვენ გუნდს პირველ გამარჯვებას. როგორც მეტოქეს, ასევე ჩვენც გვქონდა დანაკლისი. მიუხედავად ამისა, მოედნის ყველა მონაკვეთზე ბრძოლა იყო. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. კმაყოფილები ვართ შედეგით. მეტოქე მეტად ფლობდა ბურთს და ტექნიკურები იყვნენ, მაგრამ გუნდურობის ხარჯზე წარმატებას მივაღწიეთ“.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს გუნდმა „ჯორჯიან მანგანეზი“ მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული უპირატესობით დაამარცხა. ერთწუთიან ინტერვალში „შსს“ ორი ავტოგოლით დაწინაურდა. მეოცე წუთზე GM-მა ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ნახევარში „ძალოვნებმა“ მალევე გაზარდეს სხვაობა და საბოლოოდ 5-1 იმარჯვეს.
ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. „ავერსმა“ „სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს დიდი ანგარიშით 9-1 სძლია. პირველი ტაიმი „ფარმაცევტებმა“ ორი უპასუხო გოლით მოიგეს და მთელი თამაში დომინირებდნენ. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი ბურთი პაატა ლეჟავას სახელზეა, დუბლი შეასრულა ზურაბ თარაშვილმა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღის ბოლომდე A და B ჯგუფის მეშვიდე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.