B ჯგუფში "ენერგო-პრო" კვლავ დაუმარცხებელია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღე B ჯგუფის მეშვიდე ტურის მატჩებით დაიწყო.
ჩემპიონატის უდანაკარგო ლიდერმა, ენერგო-პრომ DHL-თან დაძაბულ დაპირისპირებაში მორიგი სამი ქულა მიითვალა. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეექვსე წუთზე „ენერგეტიკოსები“ დაწინაურდნენ, შემდეგ კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს. მიღებულ მეორე გოლს DHL-მა მალევე უპასუხა და წონასწორობაც აღადგინა, მაგრამ ბოლო წუთზე ლუკა გოგუაძემ დუბლი შეასრულა და „ენერგო-პრო“-მ 3-2 იმარჯვა.
მეშვიდე ტურის სასტარტო მატჩში „მეამა“-მ „NS Studio“ 4-3 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს „მეამა“-მ შვიდმეტრიანი ჯარიმა მოიპოვა, რომელიც შედეგიანად გამოიყენა და წინ გავიდა (2-1). მეორე ნახევარში NS Studio ორჯერ მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ მატჩის ბედი ვეღარ შეცვალა და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი გიგა ესიტაშვილის სახელზეა. მეტოქეს რიგებიდან დუბლი გიორგი ივანიშვილმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ზარქუა, DHL: „ენერგო-პრო ძალიან კარგი გუნდია. დაძაბული თამაში იყო. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. ორი ბურთით წაგების მერე შემოვატრიალეთ ანგარიში, მაგრამ შემდეგ უცებ წინ გავიდნენ. იმედი გვქონდა, რომ მოვუგებდით, თუმცა კვლავ დაუმარცხებლის სტატუსი აქვთ. მადლობა SBM-ს ასეთი კარგი ტურნირისთვის. დღეს პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა და ჩემი აზრით, ჩვენი კარნახით მიდიოდა პირველი ნახევარი. მონდომება და ერთიანობა გვქონდა, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა“.
ლუკა გოგუაძე, ენერგო-პრო: „თავიდან თითქოს არეულად დავიწყეთ თამაში. შესვენებამ შედეგი გამოიღო, მწვრთნელის დარიგებები დაგვეხმარა. სეზონის ძალიან კარგი სტარტი გვაქვს და ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ. გარდამავალი მომენტი 2-2-ზე წინ გასვლა იყო, მაინც თავისი ძალა აქვს ასეთ დროს წინ გასვლას. ბოლო წუთამდე დაძაბულად წარიმართა მატჩი. ვფიქრობ, დღეს მეტი ვიშრომეთ და იღბალიც ჩვენკენ იყო“.
დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A და B ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.