ფუტსალის ლიგა 2-ში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
04 მარტი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. რეგულარული სეზონი „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს და „წალენჯიხა“-ს მატჩით დასრულდა. დასკვნით შეხვედრაში გამარჯვება „მეგრელებს“ დარჩათ, ანგარიშით 4-3 და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავეს.

„წალენჯიხა“ პირველივე წუთზე დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე კარი მშრალად შეინახა და უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ოცდამეექვსე წუთზე „UG”-მ ერთი ბურთი გაქვითა, დარჩენილ დროში კი სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირა (3-2; 4-3), მაგრამ შედეგის შეცვლა ვერ შეძლო და საბოლოოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდა.

რეგულარულ სეზონში მოპოვებული ქულების შესაბამისად, ნახევარფინალის საგზურისთვის ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: „ქუთაისი 2“ vs „სპორტუნი“, „გორი“ vs „ევროპის უნივერსიტეტი 2“, „თსუ 2“ vs „საქართველოს უნივერსიტეტი“, „ილიაუნი 2“ vs „წალენჯიხა“.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სპარტაკ  ლომიძე, UG: „საკმაოდ კარგი თამაში შემოგვთავაზა მოწინააღმდეგემ. მეტს მოველოდით ჩვენი თავისგან. პლეი ოფისთვის მეტი თავდაჯერება გვჭირდებოდა. ბევრი შეცდომა გვქონდა, რითაც ისარგებლა მეტოქემ. მეოთხედფინალში ძლიერ გუნდს ვხვდებით. შარშანაც თსუ-ს ვეთამაშეთ პლეი ოფში და დავმარცხდით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუდისთვის მზად ვიყავით, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ“.

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „სეზონი მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე წრე, ფაქტობრივად, ყველა სხვა გუნდზე კარგად ჩავატარეთ. შვიდი თამაშიდან ხუთი მოვიგეთ და დარჩენილ ორშიც ყველაზე ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩვენს თამაშში პროგრესი ცალსახაა. ყველაზე მთავარი რაც არის, ერთ ოჯახად შევიკარით, ეს ერთსულოვნება მოედანზეც იგრძნობა. მომდევნო ეტაპზე შეცდომებს გამოცდილებად ვაქცევთ და ვეცდებით ილიაუნისთან არსებული უარყოფითი ბალანსი გამოვასწოროთ. ცხრილში ახლო-ახლოს ვართ. ბოლო თამაშში მათთან არ გაგვიმართლა, ძალიან კარგი ბიჭები არიან. ის გუნდი მოიგებს, რომელსაც გამარჯვება უფრო უნდა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირებები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024