"ქუთაისი 2"-მა დასკვნით ტურში EU2-ს მარტივად სძლია!

ყველა სიახლე
04 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიურ  სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის წრიული ეტაპის დასკვნითი ტური „ქუთაისი 2“-ის და „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ის მატჩით გაგრძელდა. „იმერლებმა“ მეტოქე მარტივად დაამარცხეს, ანგარიშით 8-2 და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულეს.

„ქუთაისი“ მეექვსე წუთზე დაწინაურდა. მეთექვსმეტე წუთზე „სტუდენტებმა“ წონასწორობა აღადგინეს. ტაიმის ბოლომდე „იმერლები“ კვლავ წინ გავიდნენ და მეორე ნახევარში უპირატესობა სოლიდური გახადეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ბიქტორ გვეტაძემ და თორნიკე ხაჭაპურიძემ გაიფორმეს.

„ქუთაისი 2“-ის მეტოქე მეოთხედფინალში „სპორტუნი“ იქნება.  „ევროპის უნივერსიტეტი 2“ კი მომდევნო ეტაპის საგზურისთვის „გორს“ ეთამაშება.

თორნიკე ხაჭაპურიძე, ქუთაისი2: „რეგულარული სეზონი წარმატებული იყო ჩვენთვის, პირველ ადგილზე დავასრულეთ ეს ეტაპი. ვულოცავ ბიჭებს და წარმატებებს ვუსურვებ. დღეს პირველი ტაიმი ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში შევძელით მობილიზება, უკეთესად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. წლევანდელ სეზონში ჩემპიონობას ველით და გუნდი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. სპორტუნის ვხვდებით პლეიოფში, ბოლო ადგილზეა ეს გუნდი, მაგრამ თასზე ვნახეთ როგორ იასპარეზეს, ამიტომ ადვილი თამაში არ იქნება. გუნდს ვტოვებ, რაც სამწუხაროა, ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს და „წალენჯიხა“-ს მატჩით დასრულდება, მეხუთე და მეექვსე ადგილოსნები სწორედ ამ შეხვედრის შემდგომ გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024