სანახაობრივი დაპირისპირება "ჯიპა"-ს და "დინამო"-ს შორის ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
04 მარტი 2023

სანახაობრივი დაპირისპირება

ფუტსალის ლიგა 3-ის მეშვიდე ტურის მატჩი „ჯიპა“-ს და „დინამო“-ს შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება ფრედ 4-4 დასრულდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მერვე წუთზე მიღებულ გოლს „სტუდენტებმა“ მალევე უპასუხეს და ტაიმის ბოლომდე ორჯერ გავიდნენ წინ (2-1; 3-2). „დინამო“-მ მეორე ნახევრის საწყის ოთხ წუთში ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურდა. ოცდამერვე წუთზე „ჯიპა“-მ წონასწორობა კვლავ აღადგინა. თამაშის ბოლომდე ორივე გუნდი აქტიურად უტევდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამო“-მ, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტაიმიც არ წაუგია, პირველი ქულები დაკარგა.

„ჯიპა“-ს რიგებიდან ორი გოლი დავით ბერაძის სახელზეა, მეტოქე გუნდიდან დუბლი დადუ დადუნაშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „ძალიან კარგი თამაში იყო. ასეთი კონკურენცია ჯერ არავის გაუწევია ამ ლიგაში. არ ველოდით ასეთ ბრძოლას და წარმატებები მეტოქეს. ყველაფერი წინ არის და პლეიოფისთვის ყველანაირად მზად ვიქნებით. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში თამაში შეგვიძლია. დღევანდელ ქულების დაკარგვას გუნდში ტრავმიანობას და ვირუსს დავაბრალებდი. გუნდი ერთ მუშტად ვართ შეკრული და ბოლომდე ვიბრძვით. მეოთხედფინალში სელეროს ვხვდებით. ყველა მატჩი მნიშვნელოვანი და რთულია, ამიტომ მომდევნო ეტაპზე გასვლა ადვილი არ იქნება“.

დავით ბერაძე, ჯიპა: „პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო გუნდს, მწვრთნელებს და გულშემატკივარს. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ. ძალიან კარგი გრძნობა იყო, რადგან დინამოს ჯერ თამაში არ წაუგია  და პირველი ქულები დავაკარგვინეთ. ძალიან კარგი თამაში იყო, სანახაობრივი. ჩვენი მონდომება დაგვეხმარა ქულის მოპოვებაში, რაც ვარჯიშებიდანაც მოდის. სათანადოდ ვართ მომზადებული პლეიოფისთვის და ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები 5 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024