"გორმა" "ილიაუნი 2" მეორე შეხვედრაშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ყველა სიახლე
03 მარტი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური „გორი“-ს და „ილიაუნი 2“-ის დაპირისპირებით გაგრძელდა.

მეთოთხმეტე წუთზე „გორელები“ ოთხი უპასუხო გოლით იგებდნენ. ტაიმის ბოლომდე „სტუდენტებმა“ ორი ბურთი გაქვითეს. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე „გორმა“ სხვაობა კიდევ გაზარდა, კომფორტული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და მეტოქეს 8-4 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან დავით ადუაშვილმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ამ შედეგით „გორი“ ბოლო ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და თუ „ქუთაისი 2“ „EU2“-თან სამ ქულას ვერ აიღებს, რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდება, მეოთხედფინალში კი „სპორტუნის“ შეხვდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ადუაშვილი, გორი: „წინა სეზონთან შედარებით რეგულარულ სეზონში ჩვენს ასპარეზობას დადებითად შევაფასებდი. ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით წელს. ასეა თუ ისე, ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და იმედია უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვითამაშებთ. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, ამ გუნდთან იღბალიც გვეხმარება. არიან მეტოქეები, რომლებთანაც უკეთ ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიგებთ. ჩვენ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, ყველასთან ვიბრძვით და მეოთხედფინალურ მეტოქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ მაინც ბოლო ადგილოსანი ჯობია, მაგრამ ადვილი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დარჩენილი ორი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024