"სეუ"-ს წარმატებული სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
26 თებერვალი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ „სელერო“-ს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 7-4 იმარჯვა. “სელერო“ პირველივე წამებზე ავტოგოლით დაწინაურდა. მეთერთმეტე წუთზე „სტუდენტებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და ტაიმის ბოლომდე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმში „სელერო“-მ სხვაობა რამდენჯერმე შეამცირა, მაგრამ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალა და სამბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდა. „სეუ“-ს რიგებიდან ჰეთ-თრიკი ზაქრო მირზაშვილმა შეასრულა.

მეხუთე ტურის გადადებულ შეხვედრაში „რუსთავმა“ ზედიზედ ოთხ მატჩში მარცხის შემდეგ „სასკოლო აკადემია“ დამაჯერებელი უპირატესობით 7-2 დაამარცხა. მეშვიდე წუთზე ანგარიში 1-1 იყო. მალევე „რუსთავი“ წინ გავიდა და ლიდერობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი თოდუა გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი თოდუა, რუსთავი: „თავიდან ცოტა მძიმედ დაიწყო მატჩი, ჩვენც დაძაბულად ვიყავით, მაგრამ როცა გაიხსნა სივრცეები გავიტანეთ გოლები. ჩვენთვის ეს მატჩი წარმატებული გამოდგა. დღეს უფრო მომზადებულები ვიყავით, მეტად დარწმუნებულები ვიყავით საკუთარ თავში. ერთმანეთი გავამხნევეთ თამაშის წინ და დამაჯერებლად მოვიგეთ“.

გიორგი აირაპეტიანი, სასკოლო აკადემია: „ძნელი თამაში იყო ჩვენთვის.ჯერ ახალი გუნდი ვართ და გვირთულდება, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვევით, როგორ ვიმოძრაოთ არ ვიცით და ამიტომ გვიჭირს. მეორე ტაიმში უფრო მოვუმატეთ,მწვრთნელი გვესაუბრა გასახდელში, მაგრამ ვეღარ შემოვატრიალეთ თამაში, ამისთვის დრო არ გვეყო. მომავალში ვფიქრობთ, რომ უკეთესები ვიქნებით. შემდეგი შეხვედრა ქუთაისთან გვაქვს და ვეცდებით გავიმარჯვოთ. მეტოქეს არ ჩამოვრჩით რამეში, მაგრამ ეს თამაში უნდა მოგვეგო, რათა პლეიოფში ნაკლებად ძლიერ გუნდს შევხვედროდით“.

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური 4 და 5 მარტს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024