"ბაზისბანკმა" საკვალიფიკაციო ლიგის წრიული ეტაპი წაუგებლად დაასრულა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის საკვალიფიკაციო ლიგაში წრიული ეტაპი დასრულდა და რეგულარული სეზონის გამარჯვებული ბაზისბანკი გახდა.
მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში „ბანკირებმა“ BMG 4-1 დაამარცხეს. შეხვედრის მეთერთმეტე წუთზე „ბიემჯი“ ნიკოლოზ ჩაჩავამ წინ გაიყვანა და ტაიმი მოაგებინა. მეორე ნახევრის სტარტზე „ბაზისბანკმა“ წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც თამაშზე კონტროლი აღარ დაუკარგავთ და შეხვედრის დასრულებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი არჩილ კელიხაშვილმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
შოთა კახიძე, ბაზისბანკი: „მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ცოტა ვნერვიულობდით, ემოციებს ავყევით, მაგრამ შემდეგ მწვრთნელის მითითებებით და გუნდური ორგანიზებით მოვახერხეთ დალაგება და საიმედოდ, ამ ყველაფერმა გაამართლა. ჩვენ საწყის ეტაპზე იმ მოტივაციით ვიყავით, რომ პირველი ადგილით გვსურდა ჯგუფის დასრულება. საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ ერთიანი სულისკვეთებით. ზოგადად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ გზას პოზიტიური ნოტით დავასრულებთ.“
ტურის სხვა შეხვედრაში „უკრაინა“-ს და „ლაქტალისი“-ს სანახაობრივი მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. „ლაქტალისი“ პირველივე წუთებზე დაწინაურდა. მეტოქემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „ლაქტალისმა“ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე ნახევარში „უკრაინა“ გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ლიგის სასტარტო მატჩში „ჯაოკენმა“ „შიშეჯამი“ 3-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. „შიშეჯამი“ მეხუთე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა, თამაშის ბოლომდე კი „ჯაოკენმა“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
საკვალიფიკაციო ლიგის რეგულარულ სეზონში გუნდების ადგილები შესაბამისი თანმიმდევრობით შემდეგნაირად გადანაწილდა: ბაზისბანკი, უკრაინა, ლაქტალისი, ჯაოკენი, შიშეჯამი, BMG. მოცემულ ექვს გუნდს პლეიოფში A და B ჯგუფის მეცხრეადგილოსნები შეუერთდებიან და ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.