EU2-მა ბოლო წუთზე გატანილი გოლით ფავორიტთან ქულა შეინარჩუნა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეცამეტე ტურის დარჩენილი შეხვედრები მიმდინარეობს. „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ის და „თსუ2“-ის დაძაბული მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
„სტუდენტურ დერბიში“ აკაკი გელაშვილმა EU2 მეთორმეტე წუთზე დააწინაურა. ტაიმის მიწურულს საბა ეგრისელაშვილმა პენალტი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში თსუ 2 თორნიკე კვიტატიანმა გაიყვანა წინ და გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთზე ნიკა გაბეხაძის ზუსტი დარტყმით ეუ-მ ქულა შეინარჩუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თორნიკე კვიტატიანი, თსუ2: „რთული თამაში იყო. ფიზიკურად ცოტა მოუმზადებლები ვიყავით, ბოლო პერიოდში ნაკლებად ვახერხებთ ვარჯიშს, რაც დაგვეტყო. მეტოქემ ბოლომდე ითამაშა, მომენტები შექმნა. გაგვიჭირდა თამაშის ჩვენ სასარგებლოდ დასრულება. ბოლოში ჩვენი შეცდომების ხარჯზე დაფიქსირდა ეს ანგარიში. გამარჯვება შეგვეძლო. საბოლოოდ ისე მოვახერხეთ, რომ თამაში ჩვენ მიგვყავდა, მაგრამ იმ დაშვებული შეცდომით მეტოქემ ისარგებლა“.
ნიკა გაბეხაძე, EU2: „დაძაბული მატჩი იყო ორივე მხრიდან. თსუ ისეთი გუნდია, რომ სწორ ფუტსალს თამაშობს, აქედან გამომდინარე, ჩვენც გაგვიადვილდა თამაში. ავყევით მათ ტემპს. ვცდილობთ ბოლო თამაშები მოვიგოთ, სანამ პლეიოფი დაიწყება, რათა მეტი მუხტი გვქონდეს. ბოლომდე გვჯეროდა მოგების და აქედან გამომდინარე გავიტანე ის გოლიც. მეორე ტაიმში მეტოქესთან შედარებით მეტი მომენტი გვქონდა და ჩვენ ნაკლებად შევძელით გამოყენება“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის დასკვნით მატჩში „ილიაუნი 2“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ ეთამაშება.