"ბანკირებმა" "ბეთლაივთან" ქულები გაიყვეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეთერთმეტე სათამაშო დღეს უმასპინძლა. A ჯგუფის მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში „ბანკი ქართუ“ „ბეთლაივს“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
„ბუკმეიკერების“ მეკარემ მეოთხე წუთზე პენალტის მოგერიება შეძლო, მაგრამ „ბანკირებმა“ ტაიმის დასრულებამდე ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა შედეგიანად გამოიყენეს და ნიკოლოზ თოდუამ „ქართუ“ დააწინაურა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე ერეკლე ხაჭვანმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა B ჯგუფშიც. დრამატულ შეხვედრაში NS Studio-მ „ავერსს“ 3-2 მოუგო. პირველ ტაიმში გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2. ოცდამეცამეტე წუთზე გიორგი ივანიშვილმა ორ საგოლე გადაცემასთან ერთად აქტივში გამარჯვების გოლიც მიითვალა, NS Studio-მ „ფარმაცევტები“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და წარმატებულ სერიას აგრძელებს. „ავერსი“-ს რიგებიდან ორივე ბურთი ზურაბ თარაშვილის სახელზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ივანიშვილი, NS Studio: „ყოველთვის რთული თამაშები გვაქვს. წინა მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, სამით ნულს ვაგებდით. დღეს თავიდანვე კონცენტრირებულები ვიყავით, კარგად ვიბრძოლეთ და ადვილად მოვიგეთ. დღეს ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო ძალები, ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა ავერსსაც, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამი ქულა გადავარჩინეთ. გუნდურ თამაშს ვთამაშობთ უკვე, ბავშვური შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანეთ, რაც ჩვენი წარმატების საფუძველი გახდა“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 თებერვალს გაიმართება.