SBM League-ს სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო!

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2023

SBM League-ს სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღე B ჯგუფით დაიწყო.

რუსთავის აზოტმა“ „ლიბერთი ბანკთან“ დაძაბულ შეხვედრაში 3-2 იმარჯვა. „აზოტმა“ ანგარიში მერვე წუთზე გახსნა. „ბანკირებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს და უპირატესობაც მოიპოვეს. მეორე ტაიმში  „რუსთავის აზოტმა“ ანგარიში გაათანაბრა, ოცდამეთხუთმეტე წუთზე კი გიორგი ხომასურიძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის  სასტარტო მატჩში მიმდინარე სეზონში დაფიქსირებული სამი ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა DHL-მა, რომელმაც მეტოქე 4-2 დაამარცხა. საწყის წუთებზე „მეამა“ დაწინაურდა და ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევარში წონასწორობა ავტო გოლით აღდგა. ოცდამეათე წუთზე DHL დაწინაურდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა შეროზია, DHL: „ძალიან დაძაბული მატჩი იყო. დებიუტანტები ვართ ამ სეზონში, მაგრამ მაინც ძირითად ტურნირზე ვთამაშობთ. პირველი მოგებაა და ვფიქრობ, ვიმსახურებდით. მეამა კარგი მეტოქეა, ზოგადად ამ ჩემპიონატში სუსტი მოწინააღმდეგე არ არის. ყველა გუნდს შეუძლია მოგება და სულ კარგი თამაშებია. დღეს მეამას ბურთის ფლობაში ვაჯობეთ, მეტი მომენტი შევქმენით და ბევრს ვიბრძოდით“.

დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A და B ჯგუფის მეექვსე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024