"გორმა" "სტუდენტები" დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2023

გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის სათამაშო დღე ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის მატჩით დასრულდა. ადგილობრივი გუნდი „სპორტუნი“-ს დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით 9-3 იმარჯვა.

მერვე წუთზე „გორელები“ მეტოქეს ოთხბურთიანი უპირატესობით 5-1-ს ამარცხებდნენ. გიორგი მჭედლიშვილმა თამაშის სტარტზევე შეძლო ოთხი გოლი გატანა. ოცდამეშვიდე წუთზე „სტუდენტებმა“ კიდევ ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მასპინძლები კვლავ გააქტიურდნენ და საბოლოოდ სოლიდური სხვაობა დაიბრუნეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ქურციკიძემ გაიფორმა.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი მჭედლიშვილი, გორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. სამი ქულის მოპოვება გვინდოდა და დასახულ მიზანსაც მივაღწიეთ. სპორტუნის მივულოცავ ფუტსალის თასის ფინალში თამაშს. დღეს მეტოქეს ეტყობოდა დაღლილობა. მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა. მაყურებელს მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისთვის. თავიდანვე მობილიზებულები გამოვედით და მალევე დავწინაურდით. მოწინააღმდეგეს ფიზიკური კონდიციებით ვაჯობეთ“.

გიორგი  ექსეულიძე, სპორტუნი: „თითქოს მოტივაცია გვაკლდა გუშინდელი თასის ნახევარფინალიდან გამომდინარე. ერთი შეცვლა გვყავდა მხოლოდ და ამან თამაშზე დიდი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ასეთი ხასიათით მაინც არ უნდა გამოვსულიყავით. პირველი ტაიმი ბრძოლის გარეშე დავთმეთ. მეორე ნახევარში შედარებით გავაქტიურდით, მაგრამ ორი სწრაფი გოლი გავუშვით და ამან გაგვტეხა.

თასის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლით და მონდომებით სპორტში, მითუმეტეს ფუტსალში, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. არ არსებობს ისეთი მოწინააღმდეგე, რომელსაც ვერ დაამარცხებ. ძალიან რთული მატჩი იყო, 3:0-ს ვაგებდით და შევძელით ანგარიშის გათანაბრება. დამატებით დროში „ნიუ ვიჟენს“ ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, რამდენჯერმე ძელმაც გვიხსნა, მაგრამ ჩვენი მეკარე უნდა შევაქო, ნამდვილად მატჩის გმირი იყო. პენალტებშიც მოიგერია ერთი და შემდეგ თვითონ გაიტანა. საქართველოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, მოქმედ ჩემპიონებს და ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები დავამარცხეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის დარჩენილი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 თებერვალს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024