"დინამო"-მ "სასკოლო აკადემია"-სთანაც მოიგო!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2023

გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ჩემპიონატის უდანაკარგო ლიდერი „დინამო თბილისი“ „სასკოლო ლიგის აკადემია“-ს დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით 8-2 იმარჯვა.

„დინამო“ საწყის ათ წუთში ექვსი ბურთით გავიდა წინ, ტაიმის ბოლომდე კი კიდევ ორი გოლი გაიტანა. „სასკოლო აკადემია“-მ ორივე ნახევარში თითო ბურთის გაქვითვა შეძლო, საბოლოოდ კი დიდი ანგარიშით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან ლაშა-გიორგი ობოლაძემ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. დუბლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ლაშა ჯიქიამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დადუ დადუნაშვილი, დინამო: „ბევრი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მაინც რთული თამაში იყო, კარგად გვეთამაშებოდა მეტოქე. ჩვენც კარგად ვითამაშეთ. ყველამ წელს დავიწყეთ ფუტსალის თამაში, მაგრამ ძლიერი გუნდი ვართ და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებით ყველა თამაშის მოსაგებად. დღეს მეტოქეს ბურთის ფლობაში და მოძრაობაში ვაჯობეთ. მეორე ტაიმში ცოტა კომბინაციური თამაში გვინდოდა, რათა ლამაზი გამოსულიყო ეს ყველაფერი და მსგავსი კონტროლით ჩვენც უფრო მეტად ვსწავლობთ“.

პავლე დოლიძე, სასკოლო აკადემია: „წინასწარ ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. მართალია, დიდი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, მეტოქეც ძლიერია. მეორე ნახევარში უფრო  შემართებით გამოვედით და უკეთესი შედეგიც ვაჩვენეთ. ჩვენ ამ ეტაპზე თამაშის სტილის გამოსწორებაზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს, ვიდრე ქულებზე და ამაზე ვმუშაობთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს „ქუთაისი 3“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ ეთამაშებიან.



  © SBM, 2016-2024