"მეგრელებმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალეს!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/2023 წწ. სეზონის მეცამეტე ტური გორის სპორტის სასახლეში „წალენჯიხა“-ს და „ქუთაისი 2“-ის დაპირისპირებით დაიწყო. „მეგრელებმა“ სატურნირო ცხრილის ლიდერთან ბრძოლაში 7-3 იმარჯვეს და ზედიზედ მეოთხე მოგება მიითვალეს.

„წალენჯიხა“ თამაშის სტარტზე დაწინაურდა. ლაშა კაკაჩიამ ორწუთიან ინტერვალში მეტოქის კარის აღება ორჯერ შეძლო და სხვაობა კომფორტული გახადა. ბაკურ გულუამ ჩამორჩენა ერთი ბურთით შეამცირა და მეორე ნახევარში „იმერლები“ უპირატესობით შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და საკუთარ კარში კიდევ ოთხი გოლი მიიღეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გაიფორმა გურამ ჩალიგავამაც. მეტოქის მხრიდან ორი გოლი ნიკა ხაჭაპურიძის სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლუკა ჯოლოხავა, წალენჯიხა: „რთული თამაში გამოვიდა. გუნდი სრული შემადგენლობით არ ვიყავით, წამყვანი მოთამაშეები გვაკლდა, რადგან ტრავმირებულები არიან. მეტოქის შეცდომები გამოვიყენეთ და მომენტების რეალიზება შევძელით. ძალიან კარგი შეგრძნებაა ლიდერის დამარცხება. ასეთ გამარჯვებას არ ველოდით, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ და ეს შედეგზე აისახა. ზედიზედ მეოთხე მატჩი მოვიგეთ და ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ. თამაშის ბოლო წუთებზე ცოტა მოვდუნდით და ორი გოლი გავუშვით, მაგრამ დარჩენილ დროში მოვახერხეთ კიდევ გატანა“.

დღის ბოლოს ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც „სპორტუნი“ ადგილობრივ „გორს“ დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024