"ბუკმეიკერებმა" "დიპლომატ ჯორჯიას" მინიმალური სხვაობით აჯობეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის სათამაშო დღე A ჯგუფის მატჩით დასრულდა. "ბეთლაივმა" "დიპლომატ ჯორჯიასთან" დაძაბულ შეხვედრაში 2-1 იმარჯვა და ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. თამაშის სტარტზე გიორგი მაჩხანელმა "დიპლომატი" წინ გაიყვანა, მაგრამ საპასუხო გოლი დათო გაგნიძისგან ერთწუთიან ინტერვალში მიიღო და ანგარიში გათანაბრდა. "ბუკმეიკერები" მეორე ტაიმში ერეკლე ხაჭვანმა დააწინაურა, რის შემდეგაც გოლი აღარ გასულა "ბეთლაივმა" მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. მეხუთე ტურის მატჩში NS Studio „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდს დაუპირისპირდა. მეათე წუთისთვის NS Studio სამბურთიანი ჩამორჩენით მარცხდებოდა, მაგრამ ჯერ პირველ ტაიმში გაქვითა ორი ბურთი, ოცდამეცხრე წუთზე კი ანგარიში გაათანაბრა. GSE-ს რიგებიდან გიორგი ხმალაძემ მალევე მიითვალა აქტივში მეორე გოლი და „ენერგეტიკოსები“ კვლავ დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში გიორგი ივანიშვილმაც გაიფორმა დუბლი და NS Studio-ს ქულა შეუნარჩუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან კინწურაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „თავიდანვე ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდთან გვქონდა თამაში, ტურნირის ფავორიტია. ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ და კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით. სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ თამაშით ვისიამოვნეთ ორივე გუნდმა. ძირითადის ორი მოთამაშე არ გვყავდა, რაც დაგვეტყო. იმედია, კიდევ გვექნება შესაძლებლობა ამ გუნდთან თამაშის“.
ოთარ წიკლაური, ბეთლაივი: „დიპლომატ ჯორჯია კარგი გუნდია და რთულ თამაშს ველოდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, რათა ცხრილში ცოტა ზემოთ გადავსულიყავით. მთავარია, რომ ფორმაში შევდივართ და ასეთი თამაშების მოგება მნიშვნელოვანია, რათა გავიმყაროთ პოზიციები. მეტოქეს ბოლოს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და ბოლოს ასეთ დაძაბულობა მოსალოდნელიც იყო. წელს ოქროს ლიგაში თავის გამოჩენაა ჩვენი მიზანი“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 თებერვალს გაიმართება.