ბრინჯაოს ლიგა 2017
ყველა სიახლე23 აპრილს, ბრინჯაოს ლიგის წლევანდელმა გათამაშებამ აიღო სტარტი, რომელშიც 9 გუნდი იღებს მონაწილეობას. თბილისის მერია და ელიტა ბურჯი, შესაბამისად, ოქროს და ვერცხლის ლიგის დატოვების შემდეგ, რანგით დაბალ ლიგაში აგრძელებენ ასპარეზობას. კორპორატიულ ლიგაში გადმოინაცვლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა. ორ წლიანი პაუზის შემდგომ, ლიგას დაუბრუნდა DHL საქართველო. რაც შეეხება დებიუტანტებს, ასეთი ხუთია - სასტუმრო „ბილტმორი“, მტკვარი ენერჯი, ჰალიკ ბანკი, ჰერმესი და დომსონ ინჯინეარინგი, პირველ ნაბიჯებს დგამენ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში.
გათამაშება წრიული სისტემით, ერთ წრედ გაიმართება.
Sbm.ge ბრინჯაოს ლიგის მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებების გაზიარება თხოვა.
დავით იობიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური : "ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია მონაწილეობს სპორტული სააგენტო SBM-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირზე. ბრინჯაოს ლიგაში დებიუტანტები ვართ, რადგან რამდენიმე სეზონის განმავლობაში უფრო მაღალ ლიგაში ვთამაშობდით, შემდეგ მოხდა ისე, რომ სხვა გუნდი შეიქმნა. ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვიტეთ ისევ მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ ჩემპიონატში. ვცდილობთ გავერთოთ და ვისიამოვნოთ ფეხბურთით. მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს. ჩემპიონატი პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა, რომელიც სამომავლოდ ქვეყანას გამოადგება.“
ერეკლე ასათაშვილი - სასტუმრო ბილტმორ თბილისი: „მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი იკრიბება და ერთი მიზნისთვის ერთიანდება ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც კორპორაციისთვის ასევე ჩვენი გუნდისთვის. ჩვენს კომპანიაში არის 260 თანამშრომელი და მათ ერთი გუნდი აერთიანებთ. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს, ვაპირებთ მომავალში უფრო განვითარდეთ.
მსგავსი ტურნირები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გვინდა ვაჩვენოთ კარგი თამაში და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, ძალიან დაძაბული ლიგაა, იქედან გამომდინარე, რომ 5 წლის წინ ვთამაშობდი ამ ტურნირში ძალიან შეცვლილია ყველაფერი უკეთესობისაკენ და გუნდები გაძლიერებულები არიან. ბრინჯაოს ლიგა კი ამ მომენტისთვის ჩვენთვის საუკეთესოა. "
მიხეილ თოფურია, თბილისის მერია : „ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება კორპორატიულ ჩემპიონატში, ძალიან მეგობრული ლიგაა, ყველას აქვს საშუალება ჩაერთოს, ფეხბურთი ითამაშოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს, ქალაქ თბილისის მერია ვუერთდებით ამ ჩემპიონატს. მივესალმებით, რომ ბევრ კომპანიას ბევრ ახალგაზრდას და თუნდაც ვეტერან ფეხბურთელებს აქვთ საშუალება ითამაშონ, მეგობრებთან ერთად დაისვენონ და გაერთონ.“
გიორგი ზარქუა, DHL საქართველო: "დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენი კომპანია პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მსგავსი ლიგის არსებობა არის აუცილებელი, რადგან ბევრი ორგანიზაცია გაერთიანდა მინი ფეხბურთის გარშემო, ჩვენი კომპანია ორ წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ჩემპიონატს და დავიწყეთ ამ ტურნირში თამაში. დიდი გეგმები გვაქვს , რადგან ჩამოვაყილიბეთ კარგი გუნდი, რომელიც მთლიანად კომპანიის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. მინდა მოვუწოდო კერძო კომპანიებს ჩაერთონ ბიზნეს ლიგაში."
ლაშა გვალია, შპს ჰერმესი: „ბრინჯაოს ლიგაში დებიუტანტები ვართ. პირველ სეზონს ვატარებთ, ნახევარი წლის წინ კი გუნდი შევკრიბეთ. თავდაპირველად ამხანაგურ შეხვედრებს ვთამაშობდით, შემდეგ გაგავიჩნდა იდეა ჩავრთულიყავით ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში. მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ კარგად ორგანიზებულ ჩემპიონატში. ყველა კომპანიამ უნდა შეუწყოს ხელი მსგავს აქტივობებს და ჯანსაღი ცხობრების წესის დამკვიდრებას.
ბიძინა ფირცხალაიშვილი, Domson’s Engineering: „ ჩვენი ახალი კომპანია ვართ ბაზარზე. თავდაპირველად გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო ბრინჯაოს ლიგაში და მგონი კარგად გამოგვდის. მობილიზებულები ვართ და ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი დავდოთ. უდიდესი სურვილი გვაქვს გავამართლოთ ის ავანსები, რაც ჩვენს გუნდზე იქნა დაღებული კომპანიის მხრიდან. ყოველთვის ვცდილობთ დამარცხებულები არ გავიდეთ მოედნიდან. ვაპირებთ უფრო მაღალ ლიგებში გადასვლას და გაძლიერებას."
გიორგი მაისურაძე, ხალიკ ბანკი საქართველო: „ჩვენი გუნდი სამი თვის წინ შეიქმნა, ბრინჯაოს ლიგის დებიუტანტები ვართ, ვცდილობთ ჩამოვყალიბდეთ კარგ გუნდად, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ეს შემდეგ საქმეშიც შეინიშნება. ჩემპიონატი ასევე თანამშრომლების დაახლოებას უწყობს ხელს. ჩვენ გვინდოდა ამ ლიგაში მოსვლით დიდი ოჯახის ნაწილი გავმხდარიყავით. არსებული რესურსებით ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ.“
მიხეილ ქურასბედიანი, მტკვარი ენერჯი: „ჩვენთვის ზოგადად მინი ფეხბურთი უცხო არ არის, თუმცა ბრინჯაოს ლიგაში და კორპორატიულ ტურნირზე დებიუტანტები ვართ. ჩვენი გუნდი, ხანდაზმულია, კლუბში საშუალო ასაკი 36 წელია, მიუხედავად ამისა ადრენალი და მოტივაცია გვაქვს. სპორტი ზოგადად აახლოებს ყველას და ყველაფერს, ვფიქრობ აქ ბევრ მეგობარს შევიძენთ.“
ირაკლი ბურძენიძე, ელიტა ბურჯი: „საფეხბურთო კლუბი ელიტა-ბურჯი 2016 წლის ივნისში დაარსდა, გუნდმა ითამაშა კომპანიის შიდა ჩემპიონატი, სადაც გაიმარჯვა. კომპანიის მხარდაჭერით შეირჩა ფეხბურთელები და მივიღეთ მონაწილეობა ვერცხლის ლიგაში, ჩვენი გუნდი ახლა ბრინჯაოს ლიგაში ასპარეზობს, ვიმედოვნებთ, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ კორპორატიულ ლიგაში.
ეს ტურნირი მნიშვნელოვანია გუნდის თითოეული წევრისთვის და გულშემატკივრისთვის, რადგან ხელს უწყობს თანამშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ კი ბიზნეს ლიგაში დიდი გეგმები გვაქვს.“