"მეგრელების" დამაჯერებელი გამარჯვება ფავორიტთან!

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში „წალენჯიხა“ სატურნირო ცხრილის ლიდერს, „თსუ 2“-ს დაუპირისპირდა, სანახაობრივ ბძოლაში 4-1 მოიგო და ცხრილში პირველობა დააკარგვინა.

„მეგრელები“ საწყის წუთებში დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლოს გელა მელანაშვილმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მეორე ნახევრის სტარტზე ალექსანდრე ქაჯაიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში „სტუდენტები“ ინტენსიურად უტევდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს, საკუთარ კარში კიდევ ორი გოლი მიიღეს და საბოლოოდ 4-1 დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შალვა კაპანაძე, თსუ 2: „წინა თამაშების მერე ცოტა მოვდუნდით და ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ არ გვაპატია. დავისაჯეთ შესაბამისად და ეს ყველაფერი ანგარიშზე აისახა. მათმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა, ბევრი ბურთი მოიგერია, ვფიქრობ მან მოიგო ეს თამაში დამსახურებულად და სხვას კონკრეტულად ვერ გამოვყოფდი“.

გელა მელანაშვილი, წალენჯიხა: „გათამაშების ლიდერთან წარმატების მიღწევა ორმაგად სასიამოვნოა, ეს გამართლება არ ყოფილა. მონდომების და ბრძოლის ხარჯზე მოვიგეთ. ჩვენი პროგრესი ნათლად ჩანს და ასე გავაგრძელებთ. ვიცოდით, რომ ხუთით შემოგვიტევდნენ და ვემზადებოდით ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მეკარეც უნდა გამოვყო, შესანიშნავი თამაში ჰქონდა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტური გორის სპორტის სასახლეში 18 თებერვალს აიღებს სტარტს.



  © SBM, 2016-2024