"წალენჯიხამ" "სპორტუნი" ბოლო წუთზე გატანილი გოლებით დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურის დარჩენილი შეხვედრები მიმდინარეობს. ერთმანეთს „წალენჯიხა“ და „სპორტუნი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი „წალენჯიხას“ სასარგებლოდ 5-3 დასრულდა.
თამაშის სტარტზე „სპორტუნი“ გიორგი გაზდელიანმა დააწინაურა. „მეგრელებმა“ ტაიმის ბოლომდე წონასწორობა აღადგინეს და წინ გავიდნენ. მეორე ნახევარში „სტუდენტებმა“ გიორგი მანაგაძის გოლებით ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს (2-2; 3-3), მაგრამ მოწინააღმდეგემ ბოლო წუთზე უპირატესობა მოიპოვა და მატჩი ორბურთიანი სხვაობით მოიგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ლაშა კაკაჩიამ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი მანაგაძე, სპორტუნი: „თავიდან კარგად დავიწყეთ. შემდეგ ცოტა ავირიეთ, მწვრთნელი არ გვყავდა და ამანაც დიდი როლი ითამაშა. ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია და ამას შემდეგ თამაშებში დავამტკიცებთ. ბოლო წუთზე გავუშვით ორი გოლი და ქულის მოპოვება ვერ შევძელით, მოვდუნდით და ამით ისარგებლა მეტოქემ“.
გელა მელანაშვილი, წალენჯიხა: „აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო, საკმაოდ კარგად შეგვხვდა სპორტუნი. საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ, უბრალოდ ჩვენ მათზე მეტად გაგვიმართლა. მეტოქემ ჩვენზე მეტი შეცდომა დაუშვა და ამან განაპირობა ჩვენი წარმატება. ბიჭებმა ნამდვილად თავდადებით ითამაშეს“.
მეთერთმეტე ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი 2 თსუ2-ს ეთამაშება.