ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სეზონი A ჯგუფის მატჩებით განახლდა!

ყველა სიახლე
05 თებერვალი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სეზონი A ჯგუფის მატჩებით განახლდა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წწ. სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა. დღე A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრებით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს გუნდი „დიპლომატ ჯორჯია“-ს დაუპირისპირდა, 2-0 იმარჯვა და წაუგებელი სერია შეინარჩუნა. „შსს“ პირველ ტაიმში გიორგი ფურცელაძის გოლით დაწინაურდა. გიორგი ყაზარაშვილმა კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. „ძალოვნებმა“ თამაშის ბოლომდე შეინახეს კარი მშრალად და დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვეს.

სასტარტო მატჩში ერთმანეთს „საქართველოს ბანკი“ და „ქართუ ბანკი“ დაუპირისპირდნენ. „ბანკირების“ დერბი „ქართუ“-ს სასარგებლოდ 3-2 დასრულდა და გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. „ქართუ“-მ პირველი ტაიმი იაკობ გოგოლაძის დუბლით მოიგო. მეტოქემ მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე ავთანდილ ბუიღლიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ცაგარეიშვილი, BOG: „კარგად დავიწყეთ, უბრალოდ ხუთი წუთის განმავლობაში მოვადუნეთ ყურადღება და მივიღეთ ორი გოლი ამ დროში, შემდეგ  უკვე გაგვირთულდა მდგომარეობის გამოსწორება. მეორე ტაიმში კი გავიტანეთ ორი გოლი, მაგრამ მესამე გოლიც მივიღეთ. ცოტა ფორმაში არ ვართ, რადგან ახალი წლის შემდეგ ინტენსიურად არ გვივარჯიშია, მაგრამ არაუშავს, მომავლის იმედი გვაქვს“.

იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „ძალიან რთული იყო შესვენების შემდეგ დაწყება, ფორმაში არ ვიყავით, მაგრა დაძაბული ბრძოლა გამოდგა. ორივე გუნდს ნული ქულა გვქონდა და გადამწყვეტი შეხვედრა იყო. გახარებულები ვართ ამ მოგებით, ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, მაინც ჩვენი უპირატესობით  მიდიოდა თამაში, კარგი გოლები გავიტანეთ, შემდეგ ცოტა დავიღალეთ, ორივე გოლი დასანანი შეცდომებით გავუშვით. საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ“.

დღის ბოლომდე A და B ჯგუფის სხვა შეხვედრებიც გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024