"გორელებმა" შინ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის  მეთერთმეტე ტურის მორიგ მატჩში „გორი“ „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი "გორი"-ს სასარგებლოდ 6-1 დასრულდა.

„გორელები“ საწყის წუთებზე დაწინაურდნენ და ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. თამაშის განახლებიდან ხუთ წუთში EU-მ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მასპინძლებმა კვლავ დაიბრუნეს უპირატესობა, სხვაობა სოლიდურად გაზარდეს და პირველ წრეში საკუთარ კედლებში მარცხისთვის „ევროპის უნივერსიტეტთან“ რევანში აიღეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ილია ლუკაშვილმა და გიორგი მჭედლიშვილმა დუბლი გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გივი ყურაშვილი, EU2: "პირველი ტაიმი დაძაბული იყო. გორი ცხრილში ჩვენზე წინ არის. პირველი თამაში მოვუგეთ და უკეთესები ვიყავით იმ შეხვედრაში. დღეს დიდი დანაკლისი გვქონდა. გორს ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ მათ კედლებში, რაც მათთვის უპირატესობა იყო და გულშემატკივარმა ჩვენზე ზეწოლა მოახდინა. ჩვენთვის მთავარი ისევ ჩემპიონობაა და ვემზადებით ამისთვის. მეორე ტაიმში დაღლამ იჩინა თავი. ბევრი გოლი იმან განაპირობა რომ ხუთზე ვუტევდით. ძირითადის მეკარე და ორი წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა, რაც ჩვენთვის დანაკლისი იყო".

ილია ლუკაშვილი, გორი: "გულშემატკივარი დღევანდელ თამაშში ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას თამაშის შემდეგ ვარჯიში ვერ მოვახერხეთ და ამის გამო დღეს ტაქტიკურად თუ ფიზიკურად მზად არ ვიყავით, მონდომების ხარჯზე  მაინც გავიმარჯვეთ. ოთხი დღე არ ივარჯიშო და ასეთ ძლიერ გუნდს დიდი ანგარიშით მოუგო, ძალიან კარგი შედეგია. პირველი ტაიმი იდეალურად დავიწყეთ, შემდეგ პრობლემებმა იჩინა თავი, საბოლოოდ ჩვენი თამაში ვიპოვეთ და გავიხსენით. ვფიქრობ 2-1-ზე ჩემი შესრულებული ათმეტრიანი ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო დღევანდელ მატჩში, რამაც გარდატეხა შეიტანა თამაშში".

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 6 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024