"ქუთაისი 2"-მა UG-ის სანახაობრივ მატჩში სძლია!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2023

გორის სპორტის სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურმა აიღო. ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „ქუთაისი 2“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „იმერლების“ გამარჯვებით 5-4 დასრულდა.

მეხუთე წამზე ბექა მურღულმა UG დააწინაურა და მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა და წინ სამი ბურთით გავიდა. მეორე ტაიმში „სტუდენტებმა“ სხვაობა შეამცირეს, საპასუხოდ კი „ქუთაისმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლო სამ წუთში UG-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სერგეი პიჩუგინი, ქუთაისი 2: „პირველი გოლი მოულოდნელი იყო ჩვენთვის, თამაშის დაწყებისთანავე პირველივე დარტყმა გავუშვით, მაგრამ პროფესიონალიზმი გამოვავლინეთ და შევინარჩუნეთ გუნდური სულისკვეთება. მოდუნების მაგივრად, პიქირით, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალეთ. შესვენებაზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაგვეგრძელებინა ასე. უკეთ უნდა გვეთამაშა მეორე ტაიმში, საკმაოდ დაიძაბა ფინალი, რისი არიდებაც შეგვეძლო. მეტოქე არ დანებდა. ჩვენ გარკვეული შეფერხება გვქონდა მომზადებასთან დაკავშირებით დარბაზის პრობლემის გამო, ამიტომ ბოლომდე შესაფერის ფორმაში არ ვიყავით“.

ბექა სამყურაშვილი, UG: „კარგი და დაძაბული თამაში გამოვიდა. მაყურებლისთვის სასიამოვნო საყურებელი იქნებოდა. ვერ ვიტყოდი, რომ მოწინააღმდეგემ ძალიან გვაჯობა, მაგრამ უყურადღებობის გამო ისეთი გოლები მივიღეთ, რომელიც ჩვენი ბრალი იყო. ქუთაისთან თამაში სულ მსიამოვნებს. პირველივე წამებზე გოლი გავიტანეთ, მაგრამ ჩვენი გუნდის პრობლემაა ზოგადად მატჩის მსგავსი მიმდინარეობა. თამაშის განმავლობაში ჩავარდნები გვაქვს ხოლმე, რასაც ჩვენი ხასიათი იწვევს. ჩემი აზრით, მთავარი ჯერ წინაა“

ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგ შეხვედრაში „ევროპის უნივერსიტეტი 2“ „გორს“ ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024