"ილიაუნი 2"-მა ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
29 იანვარი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეათე ტურის მატჩები გრძელდება. „ილიაუნი 2“-ისა და „სპორტუნის“ დაძაბული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ „ილიაუნი“-მ მეტოქე 7-4 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„სტუდენტურ დერბიში“ „ილიაუნი“ სამჯერ ლიდერობდა. გიორგი ექსეულიძემ წონასწორობა სამივეჯერ აღადგინა, ოცდამეცხრე წუთზე კი „სპორტუნი“ ავტოგოლით დაწინაურდა. დარჩენილ დროში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ბოლო წუთებში ხუთით შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგესთან სამბურთიანი სხვაობაც დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი გიორგი წიქვაძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ექსეულიძე, სპორტუნი: „თავიდან ინერტულად დავიწყეთ, სწრაფი გოლი მივიღეთ და თითქოს პირველი ტაიმის პირველი ნახევარი ძალიან დავიჩაგრეთ, მაგრამ შემდეგ მოვბილიზდით და ჩვენი უპირატესობით წარიმართა თამაში. პირველ წრეშიც თითქმის ყველა თამაში ასე ვითამაშეთ, მეორე ტაიმში უფრო მოტივირებულები გამოვდივართ. სამწუხაროდ, ორი ფეხბურთელი გამოგვაკლდა ტრავმის გამო და დაღლილობამაც იქონია გავლენა ბოლო წუთებზე. ძალიან თანაბარი თამაში იყო. რომ არა ძალიან ცუდ დროს აღებული უაზრო ჯარიმები, სხვანაირად წავიდოდა თამაში და შეგვეძლო თავიდან აგვერიდებინა ეს შედეგი“.

გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „ანგარიში მომატყუებელია, ძალიან დაძაბული მატჩი იყო. მომენტებში დავკარგეთ კონტროლი, მაგრამ საბოლოოდ პირველი ტაიმის შემდეგ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ძალიან გვიხარია პირველ ადგილზე გადასვლა, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. საკმაოდ დაძაბული ტურნირია. პირველი წრე შედარებით მერყევი იყო, მაგრამ უკვე დავბრუნდით ჩემპიონობის გზაზე. ძალიან ბევრი ლიდერი დავკარგეთ დღევანდელ თამაშამდე - მეკარე ბექა გოგსაძე, ასევე გუგა ნადარეიშვილი, მაგრამ წელს შედარებით სიღრმისეული შემადგენლობა გვყავს და ერთი-ორი გუნდელის დაკარგვა ისე არ გვემჩნევა, როგორც ეს შარშან იყო“.

მეათე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „თსუ2“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ ეთამაშებიან.  



  © SBM, 2016-2024