"ჯიპამ" "სელერო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
22 იანვარი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტური „სელეროსა“ და „ჯიპას“ მატჩით დასრულდა. დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებაში „ჯიპა“-მ გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა და 4-3 იმარჯვა.

„სელერო“ შეხვედრაში ორჯერ ლიდერობდა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე გიორგი ხმალაძემ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და „ჯიპა“ წინ გავიდა. თამაშის განახლებისთანავე „სელერომ“ ანგარიში გაათანაბრა. „სელერო“ პირველ ქულასთან ახლოს იყო, თუმცა საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე გიორგი ხმალაძემ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ხმალაძე, ჯიპა: „მეტოქე ჩვენთვის კარგად ნაცნობი იყო, რადგან მათთან ამხანაგური მატჩი ბევრჯერ გვქონია და ერთმანეთთან ახლოს ვართ. სწორედ ამიტომ, ძალიან თანაბარი თამაში გამოვიდა. ბრძოლით და ჟინით მოვახერხეთ საბოლოოდ გამარჯვება. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, ფორმაში ვიყავი დღეს და შედეგიც სახეზეა, სამი გოლი გავიტანე და ერთი საგოლე გადაცემაც მქონდა“.

მიხეილ მესხი, სელერო: „ძალიან კარგი თამაში იყო. თანაბარი ძალები გვქონდა. ორჯერ ვიყავით წინ და მართლა შეგვეძლო პირველი ქულების აღება, მაგრამ დავუშვით არაერთი შეცდომა, რომელიც არ გვეპატია და დავმარცხდით. დასანანი მატჩი წავაგეთ. მნიშვნელოვანი ქულები აიღო მეტოქემ, ვულოცავ, ოდნავ მეტი მომენტი გამოიყენეს, ვიდრე ჩვენ და ეკუთვნოდათ. ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩით მოწინააღმდეგეს და ეს აისახა კიდეც ანგარიშზე“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტური 4 თებერვალს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024