"დინამომ" ცხრილში პირველობა გაიმყარა!

ყველა სიახლე
22 იანვარი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და „ქუთაისი 3“ დაუპირისპირდნენ. „დინამოელებმა“ სეზონი გამარჯვებით განაახლეს და სატურნირო ცხრილს კვლავ უდანაკარგოდ ლიდერობენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი „დინამომ“ მეხუთე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. მეორე ტაიმში „თბილისელებმა“ სხვაობა გაზარდეს. ოცდამეათე წუთზე შოთა ანდრიაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. „იმერლებმა“ თამაშის განმავლობაში ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მეტოქემ 4-1 იმარჯვა. „დინამოს“ რიგებიდან ჰეთ-თრიკი ლაშა-გიორგი ობოლაძემ გაიფორმა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „ქუთაისისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით. ახალი დაწყებული გვაქვს ვარჯიში და შედარებით ჯერ შეუჩვეველი ვართ. ყველაფერი კარგად დასრულდა. სამომავლოდაც ვაპირებთ რომ მოგებების სერია გავაგრძელოთ. მოლოდინი იმისა, რომ ადვილად მოვიგებთ რაიმე თამაშს, არასდროს უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, დღეს მოწინააღმდეგესთან მიმართებაში ფიზიკურ გამძლეობაში გვქონდა უპირატესობა, რადგან ადვილად არ დავღლილვართ. კარგი მეტოქეა ქუთაისი და წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

შოთა ანდრიაძე, ქუთაისი 3: „ჩვენს დარბაზს პრობლემები აქვს და ვერ ვვარჯიშობდით. გარეთ, ხელოვნურ საფარზე მოგვიწია მომზადება და შესაბამისად, აქ შედარებით გაგვიჭირდა. გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე და შემდეგისთვის ვეცდებით გამოვასწოროთ შეცდომები. დღეს უკეთესად თამაშიც შეგვეძლო, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ვარჯიში დაგვაკლდა, თორემ უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრები დღის განმავლობაში გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024