"გორელებმა" "წალენჯიხას" მეორე წრეშიც სძლიეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეცხრე ტური „წალენჯიხასა“ და „გორის“ დაპირისპირებით გაგრძელდა.
„გორელები“ ოცდამეორე წუთისთვის სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. “წალენჯიხამ“ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, მაგრამ მეტოქე კვლავ დაწინაურდა. „მეგრელებმა“ ბოლო წუთზე ჩამორჩენა ისევ ერთ ბურთამდე დაიყვანეს, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და 4-3 დამარცხდნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „კარგი იყო ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე წუთზე გაგვიგდეს მეკარე და ფეხბურთელი გვედგა კარში, თამაშში დარჩენა მოვახერხეთ და მომენტებში მინიმუმ ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. ორჯერ დავარტყით ათმეტრიანი და ორივე გამათანაბრებელი იქნებოდა, რომ გამოგვეყენებინა. ფუტსალი არ არის ის სპორტი, რომლის კარგად გათავისებას ახლადშეკრებილი გუნდი სამ-ოთხ თვეში შეძლებს, ამიტომ ამ ეტაპზე, ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. პირველ წრეში ხუთბურთიანი სხვაობით დავმარცხდით გორთან. შეცდომები გვქონდა დღესაც, მაგრამ ნაკლები და მომავალში მათაც გამოვასწორებთ“.
ავთანდილ სართანია, გორი: „კარგი თამაში გამოვიდა. მეტოქე, წინა წრესთან შედარებით, კარგად იყო მომზადებული და უკეთესად გვეთამაშნენ. ჩვენი დიდი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ სეზონი ახლა განახლდა და ნელ-ნელა ფორმაში შევალთ“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს დღეს ილიაუნი 2 და ევროპის უნივერსიტეტი 2 დაუპირისპირდებიან.