წლის სასტარტო მატჩში UG-მ "სპორტუნი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2023

წლის სასტარტო მატჩში UG-მ

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონი ზამთრის შესვენების შემდეგ მეცხრე ტურით განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ წლის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „სპორტუნი“ დაუპირისპირდნენ.

„სტუდენტურ დერბიში“ ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა და გიორგი ექსეულიძემ „სპორტუნი“ წინ გაიყვანა. UG-მ წონასწორობა ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით აღადგინა და ტაიმის ბოლო წუთზე შედეგიანად გათამაშებული კუთხურით დაწინაურდა. ოცდამესამე წუთზე „საქართველოს უნივერსიტეტმა“ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და 3-1 თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ექსეულიძე, სპორტუნი: „წლის პირველი თამაში იყო. ველოდებოდით ამ მატჩს და მოტივირებულები ვიყავით. მოგება ძალიან გვინდოდა. კარგად დავიწყეთ, პირველი გოლიც შევაგდეთ და ვიგებდით, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაგვიტანეს და ამან თითქოს ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. მეორე ტაიმში მაინც მობილიზება მოვახდინეთ და მზადყოფნაში გამოვედით, თუმცა კიდევ ერთი გოლი მივიღეთ სტრატზევე. შემდეგ თითქოს ჩვენ ვფლობდით მთლიანი თამაში უპირატესობას, მეტოქის მეკარეს შევაქებ, ძალიან კარგი ბურთები აიღო და ზოგადად, დაცვაშიც კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, არ უნდა წაგვეგო ეს თამაში და შეგვეძლო სასურველი შედეგით დაგვესრულებინა“.

გიორგი შატაიძე, UG: „პირველ წრეში სპორტუნი შედარებით სუსტად გამოიყურებოდა. ვიცოდით, რომ გაძლიერდნენ და სამი კვირის წინ დავიწყეთ შესაბამისად მომზადება. ამან შედეგი გამოიღო. იმდენი ახალი მოთამაშე გვყავს, ფაქტობრივად, ხელახლა არის გუნდი დაკომპლექტებული და შესათამაშებლად დრო გვჭირდება. აქამდე გვქონდა პრობლემა, რომ რთულ თამაშებს ვაგებდით და ვეღარ ვიმარჯვებდით, ახალმა სისხლმა და მონდომებამ შედეგი გამოიღო. უკვე ისე ვართ, გაშვებული გოლის აღარ გვეშინია და მეტი რწმენა გვაქვს. პირველი ტაიმის შემდეგ უპირატესობით რომ გადიხარ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მეორე გოლს არსებითად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მოსაგებად ვიყავით გამოსულები და ამ მიზანს მაინც მივაღწევდით“.

დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეცხრე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024