UG2-ის წაუგებელია სერია "სეუ"-სთან შეწყდა!

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2022

UG2-ის წაუგებელია სერია

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022 წლის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ და „სეუ“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „სეუ“-მ უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ  7-2 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში UG 2-მა პირველი მარცხი იწვნია.

„სტუდენტურ დერბიში“ ანგარიში UG-მ გახსნა. მეტოქემ წონასწორობა აღადგინა და ტაიმის დასრულებამდე წინ გავიდა. თამაშის განახლებისთანავე „საქართველოს უნივერსიტეტმა“ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ფრე დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მიღებული მესამე გოლის შემდეგ ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა, ბოლოს კი სხვაობა ხუთბურთიანი გახდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-თრიკი ლუკა ალანიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან ლობჯანიძე, სეუ: „თავიდან ყველას გაგვიჭირდა თამაში. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში სამოტივაციო საუბარი გვქონდა, რის შემდეგაც უფრო მოტივირებულები გამოვედით და მოვიგეთ კიდეც. მომდევნო წლიდან უკეთეს ფორმაში დავბრუნდებით. ვფიქრობ, გადამწყვეტი მესამე-მეოთხე გოლი იყო, რის შემდეგაც, საბოლოოდ მოვიპოვეთ უპირატესობა. მანამდე სრულიად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. პირველ ტურში ძლიერი მეტოქე გვყავდა და ძალიან გაგვიჭირდა, წლის ბოლოს ცხრილში მეორე ადგილზე ყოფნა კარგია“.

რამინ ბერაია, UG 2: „პირველივე წუთებზე გავედით წინ და კარგად დავიწყეთ. ეს ფუტსალია და დიდი მობილიზებაა საჭირო, რადგან აქ ერთი და ორი ბურთით წინ გასვლა არაფერს ნიშნავს. კარგი იყო მეორე ტაიმის დასაწყისშივე ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა. მეოთხე გოლმა იმდენად იმოქმედა ჩვენზე ფსიქოლოგიურად, ვეღარ მოვახერხეთ ძალების მობილიზება. პირველი ორი თამაში მოგებული გვაქვს, 2023 წელს მეტს მოვინდომებთ. ძალიან დაძაბული და კარგი თამაში გვქონდა დღეს და ვფიქრობ, ანგარიში არ ასახავს იმ მოვლენებს, რაც აქ ხდებოდა“.

მესამე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო თბილისი“ გახდა. „სეუ“ მეორე ადგილზე აღზევდა, თავის მხრივ კი UG2-მა პირველიდან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ფუტსალის ლიგა 3 ზამთრის პაუზის შემდეგ 22 იანვარს განახლდება. 



  © SBM, 2016-2024