დაძაბული "სტუდენტური დერბი" UG-ს სასარგებლოდ დასრულდა!

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2022

დაძაბული

ფუტსალის ლიგა 2-ში 2022/23 წწ. სეზონის მეორე წრე დაიწყო. მერვე ტურის შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტი 2“-სა და „საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის დაძაბული გამოდგა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი EU-მ გიორგი ხაბალაევის დუბლით 2-1 მოიგო. მეორე ნახევარში UG-მ წონასწორობა აღადგინა, ოცდამეთერთმეტე წუთზე კი წინ გავიდა. დარჩენილ დროში „საქართველოს უნივერსიტეტმა“ სხვაობა კომფორტული გახადა და მეტოქე საბოლოოდ 5-2 დაამარცხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მიხეილ ხაჩატუროვი, EU 2: „კარგი თამაში იყო. პირველი ტაიმი მოვიგეთ და ასე უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, მესამე გოლი, რომელიც ჩემი ბრალია, თამაშში გადამწყვეტი იყო. მეორე წრეში აუცილებლად მეტად გავძლიერდებით“.

ბექა სამყურაშვილი, UG: „ცუდად დავიწყეთ, სატურნირო ცხრილის ბოლოში ვიყავით, მაგრამ ბოლო თამაშები მოვიგეთ, რაც გუნდში ცვლილებების დამსახურებაა. უფრო მეტი მოვინდომეთ და გახარებულები ვართ წლის შემაჯამებელი, ბოლო თამაშის, მოგებით. კარგი თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი წავაგეთ და შემდეგ უფრო მობილიზებულები გამოვედით, რამაც შედეგი გამოიღო. ეს ისეთი სპორტია, ყოველ წამს უნდა იბრძოლო და თითოეულ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ყველა გოლი გადამწყვეტი იყო“.

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022 წლის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „წალენჯიხა“ და „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024