"დინამო თბილისმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
11 დეკემბერი 2022

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეორე ტური „რუსთავისა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირებით გაგრძელდა. „დინამომ“ მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა, ანგარიშით 10-1 და არსებული მონაცემებით, ორიდან ორი მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

პირველი ტაიმი „თბილისელებმა“ სამბურთიანი სხვაობით მოიგეს (3-0). მეორე ნახევარში მიღებულ გოლს „რუსთავმა“ მალევე უპასუხა, მაგრამ ჩამორჩენის მეტად შემცირება ვერ შეძლო და მეტოქე წინ დიდი ანგარიშით გაიჭრა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი გიორგი ქავთარაძის სახელზეა. ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ლაშა-გიორგი ობოლაძემ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი კოპალიანი, „რუსთავი“: „დღეს ჩვენ თავს არ ვგავდით. შესვენებაზე გასახდელში მიღებულმა დარიგებებმა და გამხნევებამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოგვანიჭა და მეორე ტაიმი თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ პენალტიც არ დაგვინიშნეს. ყველაფერმა ერთად მოახდინა გავლენა და არ იყო ჩვენი დღე. ეს შედეგი, ჩვენი ბრალია. ვფიქრობ, დღევანდელი თამაშისთვის ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად, წინა შეხვედრისგან განსხვავებით. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში გამოსწორდება ყველაფერი. თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს ჩადებს თამაშში“.

გიორგი ქავთარაძე, „დინამო თბილისი“: „მთელი მატჩი ჩანდა, რომ ყველა კარგად ვიყავით შეთამაშებულები, შედეგი სახეზეა. თავიდანვე გოლები რომ მიჰყვა ერთმანეთს, უფრო დავიჯერეთ ჩვენი თავის. პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ მოვიგებდით. ბურთზე კონტროლი ჩვენ გვქონდა, მთელი თამაში ვდომინირებდით, საგოლე კომბინაციებს ვქმნიდით და ფლანგებიდანაც კარგად ვუტევდით, ასევე ცენტრიდანაც. უკვე მეორე მოგება გვაქვს და ასე ვაპირებთ გაგრძელებას ჩემპიონობის მოსაპოვებლად“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის დასკვნითი მატჩი საქართველოს უნივერსიტეტი 2-სა და „ჯიპა“-ს შორის 12 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024