"სეუ"-მ "იმერლებთან" მარტივი სამი ქულა აიღო!

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2022

ქუთაისის სპორტის სასახლემ ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეორე ტურის გახსნით მატჩს უმასპინძლა. „საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა“ ადგილობრივი „ქუთაისი 3“ დამაჯერებელი ანგარიშით 10-2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი „სეუ“-მ ოთხბურთიანი უპირატესობით 5-1 მოიგო. მეორე ნახევარში „სტუდენტებმა“ სხვაობა სოლიდური გახადეს და მეტოქეს საკუთარ კედლებში მარტივად აჯობეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი სანდრო ობოლაძემ, ნიკა ბიძინაშვილმა, დავით დანელიამ და ლევან ლობჯანიძემ გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ამირან ცხომარია, სეუ-ს მთავარი მწვრთნელი: „გასვლითი თამაში ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, ქუთაისი თავის კედლებში საკმაოდ ძლიერი გუნდია. ბიჭებმა ის დავალებები, რაც ჰქონდათ, ასი პროცენტით შეასრულეს და ვფიქრობ, ეს ანგარიშზეც აისახა. გახარებულები ვართ, რადგან მარტივი სამი ქულა ავიღეთ. რაც შეეხება ჩემპიონატს, საკმაოდ კარგი წამოწყებაა იმისთვის, რომ განვითარდეს ეს სპორტი და ნაკრებიც ახალი წევრებით შეივსოს. მივესალმებით ამ ჩემპიონატს, აქტიურად ვართ ჩართული და ვიბრძლებთ მაქსიმალური შედეგებისთვის. დღევანდელი თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მწვრთნელის რანგში ფუტსალში დებიუტი მაქვს და ნამდივილად სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა. ვფიქრობ, ისეთი გუნდის გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად, რომ ლიგა 2-ში გადავიდეთ, რაც ჩვენი მიზანია“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტური 11 და 12 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024