ქუთაისი 2-მა მიმდინარე სეზონის პირველ საშინაო მატჩში იმარჯვა!

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2022

ქუთაისი 2-მა მიმდინარე სეზონის პირველ საშინაო მატჩში იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურმა სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში ევროპის უნივერსიტეტი 2-ისა და ქუთაისი 2-ის დაპირისპირებით აიღო. „იმერლებმა“ 2022/23 წწ. სეზონში პირველი საშინაო მატჩი დაძაბულ ბრძოლაში EU2-თან 9-5 მოიგეს.

მატჩის პირველ ნახევარში გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 3-3. „ქუთაისმა“ შეხვედრაში წონასწორობა სამჯერ აღადგინა, ოცდამეცამეტე წუთზე კი საბოლოოდ გავიდა წინ და დარჩენილ დროში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთი ბურთი ბაკურ გულუას სახელზეა, ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა სერგეი პიჩუგინმა. „სტუდენტების“ მხრიდან დუბლი გიორგი ცირღილაძემ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სერგეი პიჩუგინი, ქუთაისი 2: „პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო, ანგარიშიც ფრე დაფიქსირდა. მეორე ტაიმში უფრო მეტად მოვინდომეთ, რამაც შედეგი გამოიღო. თამაშში მთავარი მომენტი იყო, რომ არ დავნებდით ჩამორჩენის დროს. ერთი ბურთით ვაგებდით რამდენჯერმე და არ დავნებდით, პირიქით, დიდი სხვაობით გავედით წინ. ძალიან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა, ბევრს იბრძვიან, ახალგაზრდები არიან და წარმატებებს ვუსურვებ მათ, სასიამოვნო იყო მათთან თამაში. ჩვენი ძლიერი მხარე გუნდური სულისკვეთებაა. გასულ წელს მეორე ლიგა მოვიგეთ, უმაღლეს ლიგაში გადავედით და კიდევ დავიმატეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ვითარდებიან და უკეთესი მოთამაშეები ხდებიან. სწორედ ამ ძლიერი ხასიათის წყალობით ვიგებთ“.

გიორგი ცირღილაძე, EU 2: „ალბათ დღევანდელ შეხვედრაზე დაღლილობამაც იმოქმედა, რადგან თბილისიდან ჩამოვედით. მოწინააღმდეგე გუნდს ვაფასებ და ვულოცავ გამარჯვებას. მომავალში უფრო მომზადებულები შევხვდებით. ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა, რაც ალბათ მოუმზადებლობის ბრალია. ვფიქრობ, მეშვიდე გოლი გარდამტეხი იყო. ამის შემდეგ არაფრის ცვლილება აღარ შეგვეძლო. ამ ცუდ სერიას გამოვასწორებთ აუცილებლად და უფრო მეტად მომზადებულები შევხვდებით შემდეგ მეტოქეებს“.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, სადაც ილიაუნი 2 გორს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024