დაძაბულ ბრძოლაში ნიკორამ ქართუ ბანკს სძლია!

ყველა სიახლე
04 დეკემბერი 2022

დაძაბულ ბრძოლაში ნიკორამ ქართუ ბანკს სძლია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა.

„არმიამ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.  შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, ოცდამეცხრამეტე წუთზე ენრი ჩადუნელმა გაიტანა.

ჯგუფის სხვა შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „ნიკორასა“ და „ბანკი ქართუს“ შორის გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეთორმეტე წუთზე ნიკორა დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე „ბანკირებმა“ წონასწორობა აღადგინეს. მეორე ნახევრის საწყის წუთზე გუნდებმა თითო გოლი კიდევ გაცვალეს, რის შემდეგაც ქართუმ ორი ბურთით შეძლო წინ გასვლა, მაგრამ დარჩენილ დროში ირაკლი დევიძემ ჰეთ-თრიკი გაიფორმა ნიკორამ საბოლოოდ 5-4 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი დევიძე, ნიკორა: „თითქოს კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჯერ მაინც ახალი სეზონია და ვერ ვართ ისეთ ფორმაში რომ შევინარჩუნოთ თავიდან ბოლომდე ანგარიში. ნელ-ნელა ვეცდებით გავძლიერდეთ. ორივე მხარეს იყო მომენტები და შეიძლებოდა აქეთაც მეტი გოლი გასულიყო და იქითაც. ჩვენ უფრო გაგვიმართლა. ვფიქრობ, ჩემი გოლი, რომლითაც 4-3 გავხადეთ ანგარიში იყო გარდამტეხი და ამის შემდეგ თამაშში დავბრუნდით“.

დავით აბეჩხრიშვილი, ბანკი ქართუ: „კარგი თამაში იყო. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, მართლა შეგვეძლო მოგება. შევაფასებთ ჩვენ თამაშს და ვფიქრობ, გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომებს. საყურელად კარგი მატჩი იყო, კარგად წარიმართა. რაღაც მომენტებში უპირატესობას ვფლობდით, რაღაც მომენტებში კი პოზიციები დავთმეთ. ვფიქრობ, ცოტა მეტი მობილიზაცია რომ გვქონოდა ამ შეხვედრას მოვიგებდით. ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ტრადიცია გვაქვს, ყველა სეზონს ცუდად ვიწყებთ. გვინდოდა, დაგვერღვია ეს ტრადიცია, მაგრამ არ გამოგვივიდა. იმედია, აწი მოგებებით გავაგრძელებთ“.

A ჯგუფის მესამე ტური საქართველოს ბანკისა „შსს“-ს მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024