რუსთავის აზოტმა მეამასთან მინიმალური სხვაობით იმარჯვა!

ყველა სიახლე
04 დეკემბერი 2022

რუსთავის აზოტმა მეამასთან მინიმალური სხვაობით იმარჯვა!

თბილისი არენა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის  მესამე ტურის შეხვედრებს მასპინძლობს.

B ჯგუფში ავერსმა ლიბერთი ბანკთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქე კომფორტული უპირატესობით 4-0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი გოლის გარეშე მიმდინარეობდა. მეცხრამეტე წუთზე „ფარმაცევტები“ დაწინაურდნენ, მეორე ნახევარში კი სხვაობა კიდევ სამი ბურთით გაზარდეს. ავერსის რიგებიდან დუბლი პაატა ლეჟავამ გაიფორმა.

სათამაშო დღე რუსთავის აზოტისა და მეამას დაძაბული მატჩით დაიწყო. საწყისი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. ვაჟა ხუტუაშვილის გოლს მეამას მხრიდან გიგა ესიტაშვილმა უპასუხა. ოცდამეცხრე წუთზე გადამწყვეტი გოლი პეტრე ჩხიკვაძემ გაიტანა და რუსთავის აზოტმა 2-1 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

პაატა ლეჟავა, ავერსი: „საკმაოდ მძიმე თამაში გამოვიდა. ოთხით ნული მოვიგეთ, მაგრამ დაძაბული შეხვედრა იყო. პირველი ტაიმი ცოტა რთულად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში სრულიად ვაჯობეთ მეტოქეს და ვიფქრობ, დავიმსახურეთ გამარჯვება. შემდეგ ტურებში წარმატებას ვუსურვებ ავერსს. ალბათ, მეორე ტაიმის სტარტზე რომ გავიტანეთ იმ გოლის შემდეგ უფრო წავიდა ჩვენი თამაში და მეტოქესაც დაბრუნება გაუჭირდა“.

ავთო ვერულეიშვილი, ლიბერთი ბანკი: „ჩემი აზრით, პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ. თანაბარი ბრძოლა იყო. პირველმა გოლმა გარდატეხა შეიტანა თამაშში. რა თქმა უნდა, შემდეგ ვცდილობდით წინ წავსულიყავით, თუმცა კონტრშეტევებზე დაგვიჭირეს. მეტოქემ კარგად ითამაშა, ტაქტიკურადაც. ვეცდებით, შემდეგ თამაშებში შეტევაში მეტი მომენტი შევქმნათ, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.

დღის ბოლომდე თბილისი არენაში A და B ჯგუფის მესამე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024