VI ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი 2-მა UG დაამარცხა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში „ილიაუნი 2“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 8-3 იმარჯვა.
ილიაუნიმ პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით (4-1) მოიგო. მეორე ნახევარში UG-მ მეორე ბურთი გაქვითა, რასაც მოწინააღმდეგის მხრიდან ორი გოლი მოჰყვა. საქართველოს უნივერსიტეტის რიგებიდან მიქაელ იორამაშვილმა ოცდამეთხუთმეტე წუთზე აქტივში მესამე გოლიც მიითვალა, მაგრამ დარჩენილ დროში ილიაუნი 2-მა უპირატესობა გაიმყარა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი გურამ ნადარეიშვილმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
მიქაელ იორამაშვილი, UG 2: „ცოტა მძიმედ დავიწყეთ. თამაშის სტარტზევე გოლით დავისაჯეთ. მეტოქეს თავიდანვე წაუვიდა თამაში და ბევრი ბურთი მივიღეთ. პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში. ერთი ბურთი გავქვითეთ. მეორე ტაიმშიც შეგვეძლო თამაშში დაბრუნება, 4-2 გავხადეთ ანგარიში, მაგრამ შეცდომის გამო დავისაჯეთ. ბოლოს უკვე მოგვიწია ხუთზე შეტევა, რამაც გამოიწვია დღევანდელი მატჩის დიდი ანგარიშით წაგება“.
გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი 2: „UG ნამდვილად კარგი მეტოქეა, მაგრამ დღეს შედარებით მარტივად მოვიგეთ, ვიდრე ველოდით. რვა გოლი გავიტანეთ, რითიც ძალიან კმაყოფილები ვართ. სამი ბურთი გავუშვით, რომელიც, ვფიქრობ, რომ შეგვეძლო არ გაგვეშვა. მატჩში გარდამტეხი იყო ალბათ პირველ ტაიმშივე სამბურთიანი უპირატესობით წინ გასვლა. შეტევაში მომენტები გამოვიყენეთ, მაგრამ დაცვაში შედარებით გაგვიჭირდა. ვფიქრობ, დღეს მეტოქეზე მეტად მონდომებულები ვიყავით“.
10 დეკემბერს ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყება. 12 დეკემბერს კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.