თსუ 2-მა EU 2-ს სატურნირო ცხრილში პირველობა დააკარგვინა!
ყველა სიახლეთბილისი არენა ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრებს მასპინძლობს. სასტარტო მატჩში თსუ 2-მა ჩემპიონატის ლიდერი EU 2 3-2 დაამარცხა და მეტოქეს ცხრილში პირველობა დააკარგვინა.
მეცამტე წუთზე ანგარიში გიორგი ხაბალაევმა გახსნა და ევროპის უნივერსიტეტი დააწინაურა. მალევე დავით ბაბუციძემ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. თამაშის განახლებისთანავე ალექსანდრე ქაჯაიამ თსუ წინ გაიყვანა, გირგოლ ბოხაშვილმა კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს გიორგი სვანიძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ეუ-მ ქულის აღება ვერ შეძლო და საბოლოოდ დამარცხდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „მნიშვნელოვანი თამაში იყო ქულების გამო. პრინციპული მეტოქეა ჩვენთვის ევროპის უნივერსიტეტი ყოველ წელიწადს და ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. ბოლომდე მოვინდომეთ და შემართულები გამოვედით. ვფიქრობ, ვარჯიშებზე გაწეული შრომის დამსახურებაა ეს გამარჯვება. ჩვენი მიზანია პლეიოფებს შევხვდეთ მომზადებული და ქულების მოპოვებას ვაგრძელებთ, რათა რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ“.
გიორგი ხაბალაევი, EU 2: „კარგად დავიწყეთ თამაში. პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ თსუ ძალიან კარგი გუნდია. მეორე გოლმა აგვჭრა და ამის შემდეგ ავირიეთ. მეორე ნახევარში ცუდად გამოვედით. გვქონდა ბოლოში ხუთზე შეტევის დროს შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე გვაკლდა და ამიტომ გაგვიჭირდა“.
ამ შედეგით, მეექვსე ტურის შეხვედრაში თუ "გორი" ვერ გაიმარჯვებს, სატურნირო ცხრილში თსუ 2 გალიდერდება.
პირველი ტურის სხვა შეხვედრებში „წალენჯიხა“ ქუთაისი 2-ს ეთამაშება, „გორი“ „სპორტუნის“ დაუპირისპირდება, საქართველოს უნივერსიტეტი კი ილიაუნის 2-ს გაეჯიბრება.