"რუსთავმა" "სელეროსთან" დამაჯერებლად იმარჯვა!

ყველა სიახლე
27 ნოემბერი 2022

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „რუსთავი“ და „სელერო“ დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სანახაობრივი და უხვგოლიანი ტაიმი ფრედ 4-4 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე „რუსთავი“ წინ გავიდა და დროის ამოწურვამდე სხვაობა სოლიდური გახადა, მეტოქე კი საბოლოოდ 10-5 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი ტარიელ თედიაშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ტარიელ თედიაშვილი, რუსთავი: „ძალიან კარგი თამაში იყო. პირველი შეხვედრისთვის, რომ არ ვიცოდით, როგორი იყო ფუტსალი და დიდ ფეხბურთს ვართ მიჩვეული, კარგად გამოგვივიდა მაინც. პირველი ტაიმი დაძაბული იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიგეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში დაიღალა მეტოქე და სამი ბურთით წინ რომ გავედით, იმ მომენტიდან უკვე ვეღარ თამაშობდნენ. დაცვაში კარგად ვიდექით და კონტრშეტევებზე ვიტანდით ბევრ გოლს“.

გიორგი ჭუმბაძე, სელერო: „პირველი თამაში იყო. ცოტა ხანია, რაც შევიკრიბეთ, ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. პირველ ტაიმში უფრო დასვენებულები ვიყავით. ჩვენი მეტოქე ფიზიკურად უკეთ იყო მომზადებული, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ. აუცილებლად განვვითარდებით და მოვუმატებთ. ვარჯიშიდან გამომდინარე შედეგიც შესაბამისი იქნება, დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდში. თავიდან ძალიან მონდემებულები ვიყავით, მაგრამ მაღალი ტემპი იყო, მეტოქეს ახალგაზრდა ბიჭები ჰყავდა და ამან გამოიწვია საბოლოო შედეგი“.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ფუტსალში ორი მსაჯის, ეროვნული კატეგორიის არბიტრების, გიგა ლომიძის და ლუკა თოდუას დებიუტი შედგა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტური 10 დეკემბერს „სეუ“-სა და „ქუთაისი 3“-ის დაპირისპირებით დაიწყება.



  © SBM, 2016-2024