დაძაბულ შეხვედრაში "დინამო თბილისმა" "სეუ" დაამარცხა!

ყველა სიახლე
27 ნოემბერი 2022

დაძაბულ შეხვედრაში

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო გათამაშების პირველი ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და „სეუ“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი დინამოელთა სასარგებლოდ 6-4 დასრულდა.

მეოთხე წუთზე ანგარიში 1-1 იყო, რის შემდეგაც დინამომ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „სტუდენტებმა“ სხვაობა ტაიმის ბოლომდე მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზევე „თბილისელები“ წინ გავიდნენ და „სეუ“ შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში იყო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ლაშა ჯიქიამ და ლაშა-გიორგი ობოლაძემ დუბლი გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თამაზ ვახანია, სეუ: „ძალიან კარგია ამ ტურნირის დაწყება. ბევრ ახალგაზრდას მიეცემა თავისი ნიჭის გამოვლენის შანსი. ჩვენი გუნდიც ახალი ფორმირებულია და ნელ-ნელა გამოვასწორებთ თამაშს. ძალიან კარგი მატჩი იყო, მაგრამ მოუმზადებლები ვიყავით. რამდენიმე კარგი მოთამაშე გვაკლდა, რომლებიც ხელს შეგვიწყობდნენ დღეს უკეთესი თამაში გვეჩვენებინა. ვფიქრობ, დღეს არ გაგვიმართლა. დინამოს ვულოცავ გამარჯვებას“.

გიორგი ცხვედიანი, დინამო: „ძალიან კარგი მატჩი გამოდგა. ცოტას ვნერვიულობდით, რადგან პირველი ოფიციალური თამაში იყო, მაგრამ მწვრთნელის დავალებას მაინც გავართვით თავი. მოწინააღმდეგემ კარგი თამაში აჩვენა და წარმატებები მათ. კარგი კოლექტივი ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდის სახით. ახალი დაწყებული გვაქვს მზადება, თუმცა ალღო მატივად ავუღეთ და მგონია, რომ თანდათან უფრო კარგ ფორმაში შევალთ. ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია სეუ და მნიშვნელოვანი იყო პირველ მატჩში გამოგვევლინა ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა, რისთვისაც ჩემს გუნდელებს მადლობას ვუხდი“.

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ტურის დასკვნით მატჩში „სელერო“ „რუსთავს“ ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024