GSE-მ სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ლიბერთი ბანკს მოუგო!

ყველა სიახლე
27 ნოემბერი 2022

GSE-მ სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ლიბერთი ბანკს მოუგო!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრით დასრულდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდმა ლიბერთი ბანკი კომფორტული უპირატესობით 6-2 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში ადგილი ოთხი პოზიციით გაიუმჯობესა და მეორე ადგილზე გადავიდა.

სამბურთიანი ჩამორჩენით პირველი ტაიმის წაგების შემდეგ ლიბერთი ბანკმა მეორე ნახევრის სტარტზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ GSE კვლავ წინ გავიდა და მეტოქე მეტად ვეღარ მიუახლოვდა. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლი გიორგი ხმალაძის სახელზეა, ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა ზურა ბიძინაშვილმა.

დაძაბული და სანახაობრივი იყო A ჯგუფის დაპირისპირება ნიკორასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდებს შორის. ნიკორა მეთოთხმეტე წუთისთვის სამი ბურთით იგებდა. „შსს“-მ ერთწუთიან ინტერვალში ორი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმის სტარტზე კი წონასწორობა აღადგინა და მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა. თამაშის დასრულებამდე ნიკორამ სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა და საბოლოოდ 6-4 დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ღონღაძე, ნიკორა: „ბევრი მოთამაშე გვყავდა ტრავმირებული, და სამწუხაროდ, შეცვლის გარეშე მოგვიწია თამაში. შესაბამისად, ფიზიკურად დაგვეტყო ეს ყველაფერი. ძლიერი და გამოცდილი გუნდია პატრული, მათთან ასე თამაში ძალიან რთულია. ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც. მეტოქის პრესინგს ვერ გავუძელით. მეკარემაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ფეხბურთია და არაუშავს, ხდება ხოლმე. მაინც კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით“.

ლექსო მამფორია, შსს: „ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. ორმაგად სასიამოვნოა რომ ვაგებდით და შევძელით საბოლოოდ გამარჯვება. ვულოცავ ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ამ გამარჯვებას. სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, შევძელით კონცენტრირება, გვქონდა ბევრი შეცვლა და ეს დაგვეხარა მოგებაში“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024