გრანდ ლიგაში ბაქსვუდი პირველობას ინარჩუნებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრანდ ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. „ბაქსვუდმა“ უშუალო კონკურენტი „მაკგილი“ 4-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან ხუთ წუთში აკაკი ქუხილავამ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და ბაქსვუდი დაწინაურდა. თამაშის ბოლომდე მიხეილ კაციტაძემ დუბლი გაიფორმა და ბაქსვუდმა მეტოქე სამბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.
ტურის სხვა შეხვედრაში არმიამ ელპოზოსთან კომფორტული სხვაობით 5-1 იმარჯვა. „ძალოვნები“ მატჩის საწყის წუთებზევე დაწინაურდნენ და მეთექვსმეტე წუთამდე უპირატესობა სამამდე გაზარდეს. ტაიმის ბოლოს ელპოზომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ სხვაობა მეტად ვეღარ შეამცირა, მეორე ნახევარში კი მეტოქისგან კიდევ ორი უპასუხო გოლი მიიღო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკოლოზ ჯალაღანია, McGill: „კარგი თამაში იყო, ცოტა ხისტი, სამწუხაროდ, დავმარცხდით. პირველ ტაიმში რამდენიმე მოთამაშე დაგვიშავდა, რამაც გავლენა იქონია შედეგზე. მოწინააღმდეგეს ვრცელი სათადარიგო ჰყავდა. შარშან ნახევარფინალში გამოვვარდით და წელს გვინდა მინიმუმ ფინალი ვითამაშოთ“.
მიხეილ კაციტაძე, ბაქსვუდი: „ორივე გუნდს პირველ ტურში მოგება გვქონდა და ამ მატჩში პირველი ადგილის ბედი წყდებოდა. პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული იყო, ერთით ერთი დასრულდა, შემდეგ გარდატეხა შევიტანეთ თამაშში და ჩვენ სასარგებლდოდ დავასრულეთ. წინა წელს ფინალში ვითამაშეთ და წელს ვისურვებდით ამ შედეგის გაუმჯობესებას და გამარჯვებას“.
დღის განმავლობაში გაიმართება საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა.