UG 2-მა სასკოლო ლიგის აკადემიასთან დიდი სხვაობით მოიგო!

ყველა სიახლე
26 ნოემბერი 2022

UG 2-მა სასკოლო ლიგის აკადემიასთან დიდი სხვაობით მოიგო!

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ტურის სხვა შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტი 2-მა სასკოლო ლიგის აკადემიას დიდი ანგარიში 9-0 სძლია.

შვიდბურთიანი უპირატესობა „სტუდენტებმა“ საწყის ტაიმში მოიპოვეს, კარი ბოლომდე მშრალად შეინახეს და პირველივე მატჩში დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვეს. შეხვედრაში სამი გოლით დავით ხუბერაშვილი გამოირჩა. დუბლი გაიფორმა კვინიკაძემ. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

რამინ ბერაია, UG 2: „პირველ რიგში, ფუტსალის გულშემატკივარს მინდა მივულოცო ლიგა 3-ის დაწყება, ვინაიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვითარდება ეს სპორტი, რაც ძალიან სასიხარულოა. რაც უფრო მეტი ლიგა იქნება და მეტი ახალგზარდა ჩაერთვება ფუტსალში, უფრო განვვითარდებით და უკეთესი იქნება ჩვენთვის. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ახალგაზრდა გუნდი ვართ, ძირითადად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული. რამდენიმე პერსპექტიული ბიჭიც გვყავს დამატებული. ძალიან სასიამოვნოა პირველ თამაშში გამარჯვება. კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა, ახალგაზრდები არიან და წარმატებებს ვუსურვებ“.

საბა ხუროშვილი, სასკოლო ლიგის აკადემია: „ამ სეზონზე ჩვენი მიზანი მეორე ლიგაში გადასვლა არ არის. ახალგაზრდა გუნდი ვართ, რამდენიმე ვარჯიში გვქონდა ჯერ მხოლოდ და ამის ფონზე არ გვითამაშია ცუდად. ნელ-ნელ მოვუმატებთ ჩვენც და მოვიგებთ თამაშებს. გვქონდა დღესაც კარგი მომენტები. მეტოქემ გვაჯობა საბოლოო ჯამში. სასკოლო ლიგიდან გამომდინარე, ყველას გვითამაშია ფუტსალი და ადვილად ავუღებთ ალღოს ჩემპიონატს. რამდენიმე  თვე გვინდა და უკეთ შევთამაშდებით. მეორე ტაიმში მოწინააღდეგეზე მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ შეუთამაშებლები ვართ ჯერ და ვერ გამოვიყენეთ ეს მომენტები“.

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ გაიმართება.



  © SBM, 2016-2024