ფუტსალის ლიგა 3-მა სტარტი ქუთაისი 3-ის გამარჯვებით აიღო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონი ქუთაისი 3-სა და ჯიპა-ს დაპირისპირებით დაიწყო. ქუთაისმა გახსნით მატჩში მეტოქე კომფორტული უპირატესობით დაამარცხა, ანგარით 8-2.
„იმერლებმა“ პირველი ნახევარი სამი უპასუხო გოლით მოიგეს. ცოტნე ციბაძემ მეორე ტაიმის სამწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და სხვაობა სოლიდურად გაზარდა. დარჩენილ დროში აქტივში მესამე გოლი დავით მარგველაშვილმაც მიითვალა. თითო ბურთი გაქვითეს ლაშა ზუმბაძემ და არჩილ მორჩილაძემ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ბედენაშვილი, ქუთაისი 3: „ბევრს ვშრომობთ. გვინდა რაც შეიძლება მაღალი დონე ვაჩვენოთ და მეორე ლიგაში გადავიდეთ. კმაყოფილი ვარ პირველი თამაშით. ჩვენი უპირატესობა ანგარიშზე აისახა. მეტოქეზე მეტს ვმოძრაობდით, რაც დაგვეხმარა. გუნდის ნაწილი მეორე ლიგაშიც ვთამაშობდით და გამოცდილება გვაქვს, რის ხარჯზეც ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს“.
თორნიკე ზოიძე, ჯიპა: „ძალიან მაღალი დონის ორგანიზებაა, რისთვისაც მადლობელი ვარ. სასიამოვნოა, ფუტსალის ლიგა 3-ის დაწყება და ის ფაქტი, რომ ჯიპას სტუდენტებიც ვიღებთ მასში მონაწილეობას. შეიძლება ანგარიში ვერ ასახავს ამას, მაგრამ ბრძოლა ნამდვილად იყო. უფრო მეტს ვივარჯიშებთ და ვიცი, რომ შევძლებთ ჩვენი გუნდის უკეთ წარმოჩენას. მადლობა მინდა გადავუხადო ჯიპას, რადგან გვაძლევს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ მსგავს ტურნირში. პირველი თამაში იყო და ვნერვიულობდით. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმშიც გავუშვით გოლები, მაინც უკეთესი თამაში ვაჩვენეთ, უფრო აგრესიულები ვიყავით და გავრისკეთ. სწორედ ეს გვჭირდება - ნაკლები ვინერვიულოთ და სტრესის გარეშე ვითამაშოთ სიამოვნებისთვის“.
პირველი ტურის სხვა შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი 2 და სასკოლო აკადემია დაუპირისპირდებიან.