“ფარმაცევტებმა“ პირველი ქულები დრამატულ მატჩში მოიპოვეს!

ყველა სიახლე
20 ნოემბერი 2022

“ფარმაცევტებმა“ პირველი ქულები დრამატულ მატჩში მოიპოვეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. დაძაბული და სანახაობრივი იყო ავერსისა და რუსთავის აზოტის დაპირისპირება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ავერსმა ბოლო წამზე გატანილი გოლით 4-3 იმარჯვა.

„ფარმაცევტებმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსენეს. „აზოტმა“ წონასწორობის აღდგენის შემდეგ ორჯერ მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ მეტოქემ ორივეჯერ გაათანაბრა. ბოლო წამებზე „ფარმაცევტებმა“ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ზურაბ თარაშვილმა შედეგიანად დაასრულა, აქტივში მესამე გოლი მიითვალა და ავერსმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

A ჯგუფის შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯიამ საქართველოს ბანკს უშანსოდ მოუგო, ანგარიშით 4-0. დიპლომატი თავდაპირველად ავტოგოლით დაწინაურდა. მალევე სხვაობა ორ ბურთამდე გიორგი მაჩხანელმა გაზარდა, რომელმაც მოგვიანებით დუბლიც გაიფორმა. ერთი გოლია ირაკლი გოგინაშვილის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ხომასურძიე, რუსთავის აზოტი: „ბევრი შანსი გვქონდა დღეს. მოგებაც შეგვეძლო. რთული თამაში იყო. წავაგეთ, მაგრამ კარგი შეხვედრა გამოვიდა. წინა კვირაში დიდი ენერგია დავხარჯეთ და დაღლილობაც დაგვეტყო. შეიძლებოდა ორიდან ორი მოგება გვქონოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. პასების სიზუსტეში გვიჭირს ცოტა, მაგრამ ეს კომპონენტი გამოსწორდება“.

ზურაბ თარაშვილი, ავერსი: „სეზონი მძიმედ დავიწყეთ. პირველ მატჩში დავმარცხდით და ახლა ეს გამარჯვება გვჭირდებოდა. ძალიან დაძაბული თამაში იყო და ბოლოს ჩვენ გაგვიმართლა. ბოლო გოლი მთლიანად გამართლების ფაქტორი იყო. ნელ-ნელ უფრო დავლაგდებით“.

სათამაშო დღე NS Studio-სა და ფარვანას მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024