თსუ 2-მა "წალენჯიხას" მინიმალური სხვაობით აჯობა!

ყველა სიახლე
19 ნოემბერი 2022

თსუ 2-მა

ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს თსუ 2 და წალენჯიხა დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ოცდამეთხუთმეტე წუთამდე გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს და აქტიურად უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ საბა ეგრისელაშვილმა დააწინაურა თსუ და „სტუდენტებმა“ მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „მომენტები ორივე გუნდს გვქონდა. ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ შეცდომების გამო დავისაჯეთ. გოლის მომენტამდეც რამდენიმე შეცდომა დავუშვით, სადაც მეკარემ გადაგვარჩინა. ჩემი აზრით, ერთი და ორი თვე არ არის საკმარისი ისეთ გუნდად ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ასეთ შეცდომებს მინიმუმდე დაიყვანს. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ძალიან კარგი იქნებოდა, მატჩი საჩვენოდ დაგვესრულებინა, მაგრამ პატარა უიღბლობამაც გავლენა იქონია. ვიცოდით, რომ თსუ-ს თავისი მეკარე არ ეყოლებოდა და თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს უპირატესობას მოგვცემდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ცოტათი მოულოდნელიც იყო იმდენად ბევრი სეივი ჰქონდათ, ბოლო წუთზეც მათშორის“.

დავით გეგეშიძე, თსუ 2: „წალენჯიხა დებიუტანტია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი ბრძოლა გაგვიმართეს. მიხარია, რომ ასეთი გუნდი დაემატა ლიგა 2-ს. ძალიან გაგვიჭირდა თამაში, რაც ანგარიშსაც დაეტყო. ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს, რის ხარჯზეც, მოვიგეთ საბოლოოდ. ორივე ტაიმში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო და ის ერთადერთი გოლიც მეორე ტაიმის მეორე ნახევარში გავიტანეთ. მეკარის ფაქტორიც იყო, რა თქმა უნდა, ზედმეტად დაძაბული ვიყავით იმის გამო, რომ მოთამაშე-ფეხბურთელი გვედგა კარში, რადგან ორივე მეკარე ტრავმირებულია. მაქსიმალურად ვცდილობდით კომფორტი შეგვექმნა მეკარისთვის და დაგვებლოკა დარტყმები, რაც ვფიქრობ, მოვახერხეთ“.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში მეხუთე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც გორი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024