EU2-მა სპორტუნისთან მოიგო და კვლავ ცხრილის ლიდერია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრებს მასპინძლობს. გახსნით მატჩში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი 2 და „სპორტუნი“ დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური“ დერბი EU2-ის სასარგებლოდ 3-1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ოცდამეხუთე წუთზე ანგარიში გიორგი ხაბალაევმა გახსნა და EU წინ გაიყვანა. აკაკი გელაშვილმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. დარჩენილ დროში ლუკა ბუზიაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ სპორტუნიმ მალევე მიიღო გიორგი კურტანიძისგან კიდევ ერთი გოლი. ამ გამარჯვებით EU2-მა სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატებს:
გიორგი სვანიძე, EU2: „აღვნიშნავ, რომ სპორტუნი ძალიან კარგი გუნდია. მართალია ცოტა ქულა აქვთ ცხრილში, მაგრამ ეს არ ასახავს რეალობას, მებრძოლი ბიჭები არიან და მეორე წრიდან ბევრად მოძლიერდებიან. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პირველ ტაიმში ცოტა დაბნეულები ვიყავით, არ მიგვდიოდა თამაში. შემდეგ დავალაგეთ რაღაცები და მაქსიმალურად შევასრულეთ დავალებები. გვიხარია, რომ პირველ ადგილზე ვართ და ვეცდებით ასევე დავასრულოთ რეგულარული სეზონი. დღეს ვირუსების გამო შემადგენობაში დიდი დანაკლისი გვქონდა. იმედია, შემდეგ შეხვედრებში დაბრუნდებიან ბიჭები, რადგან თსუ-სთან და ქუთაისთან რთული თამაშები იქნება“.
გიორგი კაკულია, სპორტუნი: „ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა პირველ ნახევარშიც. ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ. ორი უაზრო გოლი გავუშვით. მერე თითქოს თამაში დავიჭირეთ, ერთი გოლიც გავიტანეთ და მოტივაცია მოგვეცა, მაგრამ ისევ სულელური ბურთი გავუშვით. ჩვენ ვუტევდით და თითქოს უნდა გაგვეტანა, მაგრამ როგორც წინა შეხვედრაში დაგვემართა, აქეთ მივიღეთ გოლი. მეტოქეს შემადგენლობაში დანაკლისი ჰქონდა და ამან, ვფიქრობ, ცოტა მოგვადუნა, გვეგონა ადვილად გავიდოდით ფონს, მაგრამ მეტოქე უნდა დააფასო, რა რაოდენობითაც არ უნდა იყოს“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში წალენჯიხა თსუ 2-ს ეთამაშება.