პრინციპულმა მეტოქეებმა სტუდენტურ დერბიში ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2022

პრინციპულმა მეტოქეებმა სტუდენტურ დერბიში ქულები გაიყვეს!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, თსუ 2 და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

„სტუდენტური დერბის“ პირველი ნახევარი ილიაუნიმ ლევან მაისურაძის გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგო.  თამაშის განახლებიდან მალევე  გაიოზ ლაგაზაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთერთმეტე წუთზე ილიაუნელთა მეკარემ, ბექა გოგსაძემ, რომელიც გუნდის ბომბარდირია, საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და ანგარიში 2-1 გახდა. შეხვედრა ორივე მხრიდან სახიფათო მომენტებით და მაღალი ტემპით გაგრძელდა. თამაშის დასრულებამდე თსუ-მ მოახერხა ქულის გადარჩენა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „აღვნიშნავ, რომ ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. ილიაუნი ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული მეტოქეა. ნამდვილად გვინდოდა მოგება და ამისთვის ვიბრძოლეთ. თამაში ცუდად დავიწყეთ, გოლი გავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში გავათანაბრეთ ანგარიში. ვეცადეთ, მეტად გვებრძოლა, თუმცა ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა  და დღეს ფრეს დავჯერდით. ორივე გუნდს ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ“.

ბექა გოგსაძე, ილიაუნი 2: „მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვარჯიშებზე ასი პროცენტით ვიხარჯებოდით და სამი ქულის მოპოვება გვინდოდა. თამაში ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. ერთი ბურთით ვიგებდით. რაღაც პატარა მომენტები იყო, სადაც არ გაგვიმართლა და ყურადღება დაგვაკლდა, რამაც გამოიწვია ორი გოლი. მოწინააღმდეგემ კარგად იბრძოლა, მეორე ტაიმში თანაბარი თამაში გამოგვივიდა. თსუ ფავორიტია ლიგა 2-ში. მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ მაინც. დღეს დაცვაში ძალიან გაფანტული იყო გუნდი და მობილიზება დაგვაკლდა. ბოლო პერიოდში მეტოქე უფრო გვიტევდა და დაღლაც დაგვეტყო, მაგრამ კარგია რომ ქულა მაინც მოვიპოვეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტური 19 ნოემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024