ფარვანასა და DHL-ის დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2022

ფარვანასა და DHL-ის დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეორე სათამაშო დღე მიმდინარეობს. B ჯგუფში ფარვანა DHL-ს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 3-3.

მიგელ მანასიანმა საწყის თორმეტ წუთში დუბლი გაიფორმა და ფარვანა წინ გაიყვანა. ტაიმის ბოლომდე DHL-მა ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ნახევრის სტარტზე კი წონასწორობა აღადგინა. ფარვანამ შეხვედრაში დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხა, მაგრამ დარჩენილ დროში მეტოქემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა და DHL-მა ქულა შეინარჩუნა.

დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს გრანდ ლიგის გასული სეზონის ფინალისტები შეხვდნენ. ბაქსვუდისა და არმიას დაპირისპირება ამჯერად ბაქსვუდის სასარგებლოდ 4-2 დასრულდა. ოცდამეცხრე წუთამდე ბაქსვუდი ოთხბურთიანი უპირატესობით იგებდა. დუბლი გაიფორმა აკაკი ქუხილავამ. დარჩენილ დროში „ძალოვნებმა“ მხოლოდ ორი ბურთი გაქვითეს და ორბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თენგიზ ჯანელიძე, არმია: „ცოტა გაგვიჭირდა თავიდან, ორი გოლი გავუშვით. შემდეგ ვეცადეთ გაგვეთანაბრებინა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ. შემდეგისთვის ვეცდებით უფრო მეტად ორიენტირებული ვიყოთ გოლების გატანაზე. ვეცდებით ჩემპიონობა შევინარჩუნოთ და წელსაც მოვიგოთ გრანდ ლიგა“.

სანდრო ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „გილოცავთ მეთხუთმეტე საიუბილეო სეზონს. წელს შედარებით მოკრძალებული მიზნები გვაქვს ჩემპიონატში. გვესმის, რომ გრანდ ლიგაა და შედარებით ასაკიანი მოთამაშეები ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რეგულარულ სეზონში ყველას მიეცეს საშუალება მოედანზე გასვლის. შესაბამისად, ნაკლები წნეხით ვითამაშებთ. მთავარი ამოცანა თასის აწევა არ იქნება, არამედ როგორც ამ ლიგის შექმნისას იყო თავიდანვე ჩანაფიქრი, სიამოვნების მიღება, მეგობრების შეძენა და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავება. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ამ პრინციპით ვითამაშეთ, კარგად წაგვივიდა ყველაფერი და სეზონში პირველი სამი ქულაც მივითვალეთ“.

დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიამრთება. 



  © SBM, 2016-2024