პატრული ევროპის საფეხბურთო ბიზნეს ლიგების გაერთიანების მეხუთე ევროპული ტურის ჩემპიონია
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონათა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი, საპატრულო პოლიციის გუნდი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საფეხბურთო ბიზნეს ლიგების გაერთიანების (EFBLU) მეხუთე ევროპული ტურის გამარჯვებული გახდა. პატრულმა ტურნირში ჩატარებული ექვსივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონობა იზეიმა.
ტურნირში ოთხი ქვეყნის (თურქეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საქართველო) რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში იყვნენ განაწილებული და შემდეგ ყველა მათგანი მეოთხედფინალში კვალიფიცირდა.
B ჯგუფში „პატრულმა“ თურქეთის სამივე წარმომადგენელი დაამარცხა. Yapı Kredi Teknoloji-სთან „ძალოვნებმა“ 3-2 იმარჯვეს, İba Kimy-ს კომფორტული სხვაობით 7-3 სძლიეს, Kaptan Grup-ს კი 2-1 მოუგეს.
მეოთხედფინალში „პატრულის“ მეტოქე HF NaJus იყო სლოვაკეთიდან, რომელსაც ქართველებმა 3-0 აჯობეს. ნახევარფინალურ ეტაპზე თურქეთის უმსხვილესი ბანკის მეორე გუნდს, Yapı Kredi-ს დაუპირისპიდნენ და მატჩი 4-2 დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში კი „პატრულს“ სრული დომინაცია ჰქონდა, Yapı Kredi Teknoloji შვიდი უპასუხო გოლით დაამარცხა (7:0) და ტიტულს დაეუფლა.
პატრულის რიგებიდან გამორჩეული იყო რევაზ ინჯგია, რომელმაც ყველაზე მეტი, 10 გოლი გაიტანა ტურნირში და დასახელდა გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ.
აღსანიშნავია, რომ „პატრულმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო EFBLU-ს ტურნირი. 2018 წელს მათ EFBLU-ს ევროპის თასის მეორე გათამაშებაში მოიპოვეს ჩემპიონობა, რომელიც სლოვაკეთში მიმდინარეობდა. „ძალოვნებმა“ 2019 წელს მადრიდში EFBLU-ს ევროპის მესამე ტურნეს მეოთხედფინალურ ეტაპზეც იასპარეზეს.