ბეთლაივმა საქართველოს ბანკი კომფორტული სხვაობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2022

ბეთლაივმა საქართველოს ბანკი კომფორტული სხვაობით დაამარცხა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის პირველი სათამაშო დღე ლიბერთი ბანკისა და NS Studio-ს მატჩით დასრულდა. ლიბერთიმ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 8-2 დაამარცხა.

მეთხუთმეტე წუთამდე ანგარიში 1-1 იყო, მაგრამ შემდეგ ლიბერთი წინ გავიდა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოიგო. შეხვედრაში ლაშა გურგენიძემ და გიორგი ვეშაგურმა დუბლი გაიფორმეს.

ერთი დაპირისპირება გაიმართა A ჯგუფშიც. პაუზის შემდეგ ლიგას დაუბრუნდა საქართველოს ბანკი, მაგრამ „ბანკირებისთვის“ პირველი მატჩი წარმატებული არ გამოდგა. გასული სეზონის ოქროს ლიგის ჩემპიონმა, ბეთლაივმა, მეტოქე 5-2 დაამარცხა. „ბუკმეიკრებმა“ პირველივე ტაიმში მოიპოვეს დამაჯერებელი უპირატესობა და თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გაიფორმეს ლუკა კაკაბაძემ და ნიკოლოზ შანიძემ.

B ჯგუფის შეხვედრაში რუსთავის აზოტმა საქართველოს ელექტროსისტემის გუნდს მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი ოცდამეხუთე წუთზე ლევან ჭიტაძემ გაიტანა, რომელმაც აზოტს გამარჯვება მოუტანა.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ცაგარეიშვილი, BOG: „დიდი ანგარიშით წავაგეთ და კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ და შედეგი მოვა თანდათან. დიდი პაუზა გამოგვივიდა. წელიწადზე მეტია არ გვივარჯიშია და შეუთამაშებლები ვართ. მომავალში იმედი გვაქვს, უკეთესი შედეგი გვექნება. საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, ძლიერი მეტოქეები გვყავს, როგორც ვნახეთ და ძალიან უნდა მოვინდომოთ კარგი შედეგის მისაღწევად. ჩვენი მეტოქე შარშანდელი ჩემპიონია, რაც ეტყობოდათ თამაშზე“.

ოთარ წიკლაური, ბეთლაივი: „პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. გვიხარია, რომ ამ ლიგის მონაწილეები ვართ კვლავ. ბოლომდე ფორმაში არ ვართ, მაგრამ პირველი თამაშისთვის კარგი იყო. რაც მთავარია, მოვიგეთ. წელს მიზანი, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება და სუპერლიგაში ვეცდებით თავის დამკვიდრებას და გამარჯვებას. თავიდანვე დავეუფლეთ უპირატესობას, რაც მალევე აისახა ანგარიშზე, ორი გოლი გავიტანეთ საწყის წუთებზე. ამან გარდატეხა მოახდინა თამაშში და მეტად თავისუფლად ვიყავით. მეტოქეს არ მივეცით საშუალება, რომ ახლოს მოსულიყო და სამბურთიანი სხვაობა ბოლომდე შევინარჩუნეთ“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 ნოემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024