ენერგო-პრომ ავერსს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით აჯობა!

ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2022

ენერგო-პრომ ავერსს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით აჯობა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის შეხვედრები B ჯგუფის მატჩით გაგრძელდა. ენერგო-პროსა და ავერსის დაპირისპირება „ენერგეტიკოსების“ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ პაატა მიგინეიშვილმა „ფარმაცევტები“ წინ გიაყვანა, მაგრამ ენერგო-პრომ ლაშა ნინიკაშვილის გოლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო და თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ირაკლი დვალმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

დღის სხვა შეხვედრაში კროკობეთმა ჯორჯიან მანგანეზთან 3-1 იმარჯვა. პირველ ტაიმში „ბუკმეიკერების“ რიგებიდან დუბლი ლევან კუჭაშვილმა გაიფორმა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე სხვაობა ნუგზარ ოთინაშვილმა გაზარდა. თამაშის ბოლო წუთზე ერთი ბურთი დავით ქორიძემ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ოთარ კიკნაველიძე, ენერგო-პრო: „ვულოცავ ყველას სეზონის დაწყებას. დაახლოებით ორი თვეა, რაც ვემზადებით ჩემპიონატისთვის. შარშანდელთან შედარებით რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდით. შარშან ჩვენი მიზანი ოქროს ლიგის ჩემპიონობა იყო, წელს კი ვერცხლის ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ. კომპანიისგან ყველანაირი მხარდაჭერა გვაქვს და ვეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ. დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგემ ბრძოლა და კარგი თამაში აჩვენა. ვგეგმავდით სამი ქულის აღებას, პირველი თამაშია და კარგად დაწყება აუცილებელია. მეორე ტაიმი ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მაინც ვიპოვეთ ჩვენი თამაში“.

კობა სებუა, ავერსი: „დღევანდელ თამაშში რაღაც ჩავარდნები გვქონდა. მეტოქემ იშრომა, იბრძოლა და გვაჯობა. მთელი სეზონი წინ არის და უკეთ მოვემზადებით. ეს ისეთია სპორტია, რომელიც მოდუნებას არ გპატიობს, წამის მეასედებში გადაწყდა მატჩის ბედი, კონცენტრაცია დავკარგეთ და მეორე გოლი გავუშვით. კარგი მოლოდინები გვაქვს ამ სეზონისგან, ჩემიონატის სისტემა შეიცვალა და ეს სიახლე ძალიან მოგვწონს“.

დღის სხვა შეხვედრებში აზორი სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდს ეთამაშება, საქართველოს ბანკი ბეთლაივს გაეჯიბრება, ლიბერთი ბანკი კი NS Studio-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024