გორელების წაუგებელი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
05 ნოემბერი 2022

გორელების წაუგებელი სერია გრძელდება!

„გორმა“ საშინაო კედლებში გამართული პირველი დაპირისპირება გამარჯვებით აღნიშნა. სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერმა მესამე ტურის მატჩში ქუთაისი 2 სანახაობრივ შეხვედრაში 4-2 დაამარცხა და მოგებების სერიას აგრძელებს.

დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 2-2 დასრულდა. გორელები მერვე წუთზე დაწინაურდნენ. მალევე „ქუთათურებმა“ წონასწორობა აღადგინეს და წინ გავიდნენ, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე გორმა ანგარიში გაათანაბრა. ოცდამეცამეტე წუთზე ომარ ცარიელაშვილმა „გორი“ წინ გაიყვანა, ნიკა კალხიტაშვილმა კი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე სხვაობა გაზარდა. შეხვედრის ბოლო წამებზე დანიშნული ათმეტრიანი ავთანდილ სართანიამ მოიგერია და გორმა საბოლოოდ პირველ საშინაო დაპირისპირებაში 4-2 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დიმიტრი მეფარიძე, ქუთაისი 2: „ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ასე რომ ვთქვათ, საფეხბურთო ფორტუნამ მატჩის საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია და დავმარცხდით. ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თუნდაც პენალტის მოგერიების შემდეგ ბურთი ისევ მეტოქეს დარჩა და არ გაგვიმართლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში, რადგან გორი პირველ ადგილზეა. მათ წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ყოველთვის პირველობისთვის ვიბძროლებთ“.

გიორგი ანიაშვილი, გორი: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს მოგება, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ. ბევრად კომფორტული და მოტივაციის მომცემი იყო საკუთარ კედლებში თამაში, თან გულშემატკივარიც ესწრებოდა შეხვედრას და ბევრად კარგი განწყობა იყო, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. ვფიქრობ, ბოლო, მეოთხე გოლი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. სეზონის საუკეთესო სტარტი გვაქვს და იმედია, ასე გავაგრძელებთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა 12 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024